ია მეტრეველი - საზოგადოება ერთიანია და არ დაუშვებს „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებას
ია მეტრეველი - საზოგადოება ერთიანია და არ დაუშვებს „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებას

შევეწირებით და ბოლომდე ვიდგებით, რომ ესენი არასდროს დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, ეს არჩევნებიც ჩაივლის ისე, როგორც საჭიროა და ხელისუფლებაში მოვა ის ძალა, რომელიც ფეხზე დააყენებს ქვეყანას და მიხედავს ხალხს, – ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა განაცხადა.

„საზოგადოება ერთიანია და არ დაუშვებს „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებას. ამიტომ, ვფიქრობ, ხელისუფლება ამით არის ძლიერი. არ შემიძლია, არ ვისაუბრო იმ აჟიოტაჟზე, რაც არის ატეხილი დამნაშავე, კრიმინალ, თაღლით ქალაქის ყოფილ მერ უგულავასთან დაკავშირებით, რომელმაც მთელი ეს სპექტაკლი და კივილ-წივილი, ვითომ ქარიზმატული გამოსვლები იმიტომ აკეთა, რომ პოლიტიკურში გადაეყვანა თავისი თაღლითობა, რომელსაც 48 მილიონი აქვს შეჭმული და არა მხოლოდ 48 მილიონი, ბევრად მეტი მილიონი აქვთ შეჭმული და ქვეყნიდან გატანილი სააკაშვილს და მათ წარმომადგენლებს. დღეს უგულავა გამოიყვანეს გმირად, ემოციური კადრებით. საზოგადოებას მინდა, გავახსენო, ეს ის უგულავაა, აჭარიდან ჩამოსული უმანკო სამი ბიჭი რომ დახვრიტეს მის თვალწინ, უგულავა იქ იდგა და მონაწილეობდა ამ მკვლელობაში, სწორედ ეს უგულავაა. ეს ის უგულავაა, რომელმაც მთელი ქალაქი დაამახინჯა ამ უაზრო კორპუსებით, სკვერი აღარ არის დარჩენილი ქალაქში“, – განაცხადა ია მეტრეველმა.

მისი თქმით, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს თავის დროზე პასუხი არ აგებინეს.

„რომელ პოლიტიკურ პატიმრებზეა ლაპარაკი, ხალხო? ეს ის ხალხია, რომლებიც ციხეში წამებით ხოცავდნენ ხალხს, სრულიად უდანაშაულო ხალხი ამოჟლიტეს და აწამეს. ადამიანებს წამებითა და ცემით კლავდნენ, მათ თვალწინ ცოლებს აუპატიურებდნენ. დღეს ესენი გამოდიან გონორით და კიდევ როგორ ბედავენ ამ ყველაფერს? მაგრამ ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ თავის დროზე მათ პასუხი არ აგებინეს და არ გაასამართლეს. ხალხნო, არ დავივიწყოთ ესენი ვინ არიან. არ შეიძლება, ესენი ასე თავისუფლად ბოგინებდნენ ქუჩებში, ბოკერია გვირჩევდეს საქმეს და უგულავა გმირად გამოჰყავდეთ. ჩვენ შევეწირებით და ბოლომდე ვიდგებით, რომ ესენი არასდროს დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. ეს არჩევნებიც ჩაივლის ისე, როგორც საჭიროა და ხელისუფლებაში მოვა ის ძალა, რომელიც ფეხზე დააყენებს ქვეყანას და მიხედავს ხალხს“, – განაცხადა ია მეტრეველმა.

ია მეტრეველის თქმით, კონგრესმენები, რომლებმაც კრიტიკული წერილები გამოაქვეყნეს, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იყვნენ მოსყიდულნი.

„მინდა, აღვნიშნო, რომ მართლა სისხლში რომ ცურავდა ქვეყანა, როდესაც მიტინგებიდან იტაცებდნენ ხალხს და წამებით კლავდნენ, მაშინ არ მახსენდება კონგრესმენების გამოხმაურებები და მხარდაჭერა. სწორედ ეს კონგრესმენები, ვინც დღეს მთავრობის წინააღმდეგ გამოდის და „ნაციონალურ მოძრაობას“ უდგება მხარში, მიმაჩნია, რომ ის ხალხია, რომელთაც ძალიან დიდ ფულს უხდიდნენ სააკაშვილი და მისი მომხრეები, რომლებსაც მთელი საქართველოს ფული აქვთ წაღებული და დარწმუნებული ვარ, რომ დღესაც ამ ფულებით ჰყავთ მოსყიდული და ალაპარაკებენ. ეს ბევრს არაფერს ნიშნავს და არაფერს წყვეტს იმიტომ, რომ მსოფლიო არ შემოიფარგლება სამი კონგრესმენით. მე არაფრად მიმაჩნია მათი ეს განცხადებები, სიმართლე არის ქვეყნისა და ხალხისკენ და ამ სიმართლეს ვერაფრით გადაფარავენ. მათ ხალხი არ უჭერს მხარს“, – აღნიშნა ია მეტრეველმა.

მისივე თქმით, ყველამ უნდა აგოს პასუხი საკუთარ დანაშაულზე.

„მე ვხედავ ხელისუფლების ლოიალურობას. მეცინება ბიძინა ივანიშვილის დიქტატორულ რეჟიმს რომ იძახიან. მართლაც რომ რეჟიმი არ არის და ზედმეტად ლოიალურები არიან, იმიტომ არის დღეს ამ დღეში რომ ვართ და ხელისუფლებასაც მინდა, მოვუწოდო, გამოიჩინონ კანონის ფარგლებში რაც ეკუთვნით მათ და მიიღონ ზომები. არ შეიძლება ამ რეჟიმში ცხოვრება, რომ მუდმივად „ნაციონალური მოძრაობის“ ქაოსში ვიცხოვროთ. თუ დამნაშავეა, დააკავონ. ვიღაცა ქრთამად 1000 ლარს რომ იღებს შვიდ და ათ წელს უსჯიან და უგულავა ვინ არის და რას წარმოადგენს, რომ 48 მილიონი შეჭამოს და თითი არ დააკარონ? არ უნდა იყოს შერჩევითი სამართალი და ყველამ უნდა აგოს საკუთარ დანაშაულზე პასუხი“, – განაცხადა ია მეტრეველმა.

დატოვე კომენტარი