ია კერზაიას შვილს, ბაჩანა შენგელიას გენერალურ პროკურატურაში ხვალ გამოკითხავენ
ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას შვილს, ბაჩანა შენგელიას გენერალურ პროკურატურაში ხვალ გამოკითხავენ. ამის შესახებ პირველ არხს გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს კითხვაზე, რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა უწყების მიერ ზუგდიდის მე-6 სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში.
„ქ. ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში ხვალ ბაჩანა შენგელია გამოიკითხება. გამოძიებამ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ის დღეს დაიბარა, თუმცა შენგელიას თხოვნით, გამოკითხვა ხვალ, 14:00 საათზე დაიწყება“, – განაცხადეს გენერალურ პროკურატურაში.
ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით გამოძიება უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
ზუგდიდის მე-6 სკოლაში ინსპექტირება მოქალაქის წერილის საფუძველზე გასული წლის ნოემბერში ჩატარდა. დეკემბერში კი, ინსულტის შედეგად გარდაიცვალა სკოლის დირექტორი ია კერზაია. ოპოზიცია გარდაცვალებას ინსპექტირებასა და ია კერზაიაზე პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებს. მომხდარზე გამოძიების დაწყებას ითხოვდა ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელიაც.