„ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ ერ-რიადსა და წითელი ზღვის სანაპიროზე მდებარე ენერგეტიკულ ობიექტებზე დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით იერიშები მათ მიიტანეს
Screenshot
ირანის მიერ მხარდაჭერილმა „ჰუსიტებმა“ განაცხადეს, რომ საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადსა და წითელი ზღვის სანაპიროზე მდებარე ენერგეტიკულ ობიექტებზე დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით იერიშები მათ მიიტანეს.
საუდის არაბეთის ხელმძღვანელობის ცნობით კი, მათ 19 სექტემბერს, ერ-რიადისკენ გაშვებული ბალისტიკური რაკეტა მოიგერიეს.
ოფიციალურ უწყებებს მსხვერპლის შესახებ არ განუცხადებია.
მომხდარს გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამერიკელები ფრენების შესაძლო გაუქმებისა და მოგზაურობის სხვა სახის შეფერხებებისთვის უნდა მოემზადონ.
„ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში ჩაერთნენ, ეს სამოქალაქო აეროპორტებსაც მოიცავს. ამ სამხედრო კონფლიქტს აქვს სწრაფი ესკალაციის პოტენციალი“, – წერს ოფიციალური უწყება.
„ჰუსიტების“ არმიის პრესსპიკერმა, იაჰია სარეამ მომხდარზე განაცხადა, რომ მათ დიდი რაოდენობის ბალისტური და ფრთოსანი რაკეტებით, ასევე დრონებით თავდასხმები სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებზე მიიტანეს.
ცნობისთვის, 18 სექტემბერს საუდის არაბეთმა დედაქალაქ ერ-რიადის გარშემო პოტენციური საფრთხის შესახებ სატელეფონო გაფრთხილება გაავრცელა. 19 სექტემბერს კი, საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში მომხდარი აფეთქებების შემდეგ აეროპორტთან ხანძარი გაჩნდა.