Hurriyet - თურქეთი აშშ-ს სირიაში არსებული სამხედრო ბაზების გადაცემას თხოვს
თურქეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს სირიაში არსებული სამხედრო ბაზების გადაცემას თხოვს. ამის შესახებ Hurriyet-ი იუწყება.
თურქული გამოცემის ცნობით, ახლო აღმოსავლეთის ცხელი წერტილიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გასვლის შემდეგ ოფიციალურ ანკარას სურს, რომ სამხედრო ბაზები მას გადაეცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უნდა განადგურდეს.
გამოცემის ცნობით, ანკარა არ დაუშვებს, რომ ვაშინგტონმა სირიაში არსებული 22 ამერიკული სამხედრო ბაზა ქურთი მებრძოლების შეიარაღებულ ფორმირებას, „ეროვნული თავდაცვის ძალებს“ გადასცეს.
Hurriyet-ი ასევე აღნიშნავს, რომ აღნიშნულმა საკითხმა შესაძლოა, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო კონტინგენტის სირიიდან გასვლა გაართულოს.
სირიიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაყვანასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს ამჟამად უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი თურქ კოლეგებთან აწარმოებს. ჯონ ბოლტონმა თურქეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში განაცხადა, რომ სირიიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გასვლის შემდეგ თურქეთმა აშშ-ის ქურთი მოკავშირეები უნდა დაიცვას. „ეროვნული თავდაცვის ძალებს“ კი, ანკარა ტერორისტულ დაჯგუფებად მიიჩნევს.
დონალდ ტრამპმა სირიიდან ამერიკული სამხედროების გაყვანის შესახებ 2018 წლის დეკემბერში განაცხადა. ტრამპის განმარტებით, მათი მთავარი მიზანი „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხება იყო. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, ტერორისტული დაჯგუფება განადგურებულია.
ქურთი მებრძოლებისგან შემდგარი „ეროვნული თავდაცვის ძალები“ ანტიტეროტისტულ ოპერაციაში ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი მოკავშირე იყო. ამის გამო, ანკარასა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა დაიძაბა.