Human Rights Watch-ი მსოფლიო ლიდერებს რუსეთში საფეხბურთო ჩემპიონატის ბოიკოტისკენ მოუწოდებს [ვიდეო]
Human Rights Watch-ი მსოფლიო ლიდერებს რუსეთში საფეხბურთო ჩემპიონატის ბოიკოტისკენ მოუწოდებს.
საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ამ ფორმით პოლიტიკოსებმა რუსეთის მიერ სირიაში ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევები უნდა გააპროტესტონ.
„მსოფლიო ლიდერებმა უნდა გაუგზავნონ მკაფიო სიგნალი ვლადიმირ პუტინს, რომ თუ ის არ შეცვლის ქცევას და არ იმოქმედებს სირიაში, რუსეთისა და სირიის ძალების მიერ ჩადენილი დანაშაულებების აღსაკვეთად, მაშინ მსოფლიო ლიდერები არ იქნებიან მასთან ერთად ჩემპიონატის გახსნაზე“, – ნათქვამია Human Rights Watch-ის აღმასრულებელი დირექტორის კენეთ როთის განცხადებაში.
უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მათ რუსეთის მიერ ჩადენილი არაერთი დანაშაული დააფიქსირეს. მათ შორის ბოლო პერიოდში აღმოსავლეთ ღუტაში ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევებია.
საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, სირიის მოქალაქეების უმრავლესობა დღემდე საფრთხის წინაშეა, ამიტომ მსოფლიომ რუსეთს პროტესტი უნდა გამოუცხადოს. Human Rights Watch-ი საკუთარ ვებგვერდზე შესაბამის ვიდეორგოლასაც ავრცელებს.