საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს აფასებს და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი დაძლეულია. ქნირშის თქმით, სასიხარულოა იმის მოსმენა, რომ საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობით იმუშავებს, რაც არავის დამარცხება და არც არავის დიდი გამარჯვება, არამედ ნორმალური მუშაობის დაწყება, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებაა.
ელჩი ექსკლუზიურ ინტერვიუში ასევე საუბრობს სასამართლო რეფორმის მიმდინარეობაზე, ამნისტიის შესახებ ორ კანონპროექტზე, საქართველოში პოლიტიკურ პროცესებზე რუსეთის შესაძლო გავლენაზე, საქართველოსა და გერმანიას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე, ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მთავარ გამოწვევებსა და გერმანიაში სეზონურად დასაქმებული ქართველების საკითხზე.
ბატონო ელჩო, დავიწყოთ საქართველოში განვითარებული ბოლო პოლიტიკური მოვლენებით. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვიტა, დაასრულოს ბოიკოტი და შევიდეს პარლამენტში. როგორ შეაფასებთ ამ გადაწყვეტილებას?
– ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული. სასიხარულოა იმის მოსმენა, რომ საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობით იმუშავებს. ეს არ არის არავის დამარცხება, არც არავის დიდი გამარჯვება, ეს არის ნორმალური მუშაობის დაწყება და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება.
თუმცა, ისინი კვლავ უარს აცხადებენ ევროკავშირის შუამავლობით 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების ხელმოწერაზე. როგორ ფიქრობთ, საქართველოს პოლიტიკური კრიზისი დასრულებულია?
– კრიზისი ამით ნამდვილად დაძლეულია. ეს კრიზისი დაიწყო საპარლამენტო არჩევნებით და საპარლამენტო ბოიკოტით, ახლა ეს დასრულდა. თითოეულმა პარტიამ უნდა განსაზღვროს თავისი პოზიცია, თავად მიიღოს გადაწყვეტილება და უნდა იცოდეს, რა შთაბეჭდილებას ახდენს თავის მეგობრებზე, თავის მოწინააღმდეგეებზე, ასევე საერთაშორისო მედიატორებზე. მიშელის გეგმა შედგა საერთაშორისო მედიატორების თვეების განმავლობაში გაწეული მუშაობის შედეგად. იმედი მაქვს, რომ „ნაციონალური მოძარაობა“ პარლამენტში კონსტრუქციულად იმუშავებს, რათა საქართველოში გატარდეს დემოკრატიული და სამართლებრივი რეფორმები, მოხდეს ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა.
მხარეებს შორის უთანხმოების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ამნისტიის კანონპროექტია. წარდგენილია ორი განსხვავებული კანონპროექტი ოპოზიციისა და მმართველი პარტიის მიერ. როგორ შეიძლება ამ საკითხზე განსხვავებული პოზიციების შეჯერება? როგორ ფიქრობთ, უნდა იყოს ეს კანონი 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ დაწყებული პოლარიზაციის დასასრული?
– მე ვესაუბრე ორივე მხარის პოლიტიკოსებს და მგონია, რომ კანონპროექტებში არსებული განსხვავებები არ არის ისეთი დიდი, რომ არ შეიძლებოდეს მათი დაძლევა. პოლარიზებას ალბათ თავად კანონი უწყობს ხელს, რადგან 2019 წლის 20 ივნისი არის მოვლენა, რომელიც ძალიან მტკივნეული იყო, რომელიც საქართველოში დღემდე მძიმე ტვირთად აწევს პოლიტიკას, მაგრამ პოლარიზების შემცირება შეიძლება ასევე იმით, რომ ამ განსხვავებების შესახებ საგნობრივად, პასუხისმგებლობით გაიმართოს დისკუსია და მათი გამოყენებით არ მოხდეს ისევ კონფრონტაცია პარტიებს შორის.
უთანხმოების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი სასამართლო რეფორმაა. რას ფიქრობთ აღნიშნული რეფორმის მიმდინარეობაზე?
– იუსტიციის რეფორმა, სამართლებრივი ინსტიტუტების აშენება უკვე წლებია, მიმდინარეობს საქართველოში, მათ შორის, ასევე გერმანული მხარის მხარდაჭერით, რომელსაც გერმანია დიდი სიამოვნებით ახორციელებს. აუცილებელია, პარტიებმა კონსტრუქციულად ითანამშრომლონ და ყველა პროცესი, რომელიც დაკავშირებულია სამართლებრივ საკითხებთან, მაგალითად, მოსამართლეების დანიშვნა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობის წესი, ისე წარიმართოს, რომ უზრუნველყოფილი იყოს სასამართლოს მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა, საქართველოში ყველას ჰქონდეს სასამართლო სისტემისადმი ნდობა.
რეგიონში რუსეთის გავლენებზე მინდა გკითხოთ. მედიაციის პროცესის დროს, ბატონმა დანიელსონმა განაცხადა, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი მხოლოდ რუსეთის ინტერესებს ემსახურება. ფიქრობთ თუ არა, რომ რუსეთი რამე სახით ცდილობდა საქართველოში აღნიშნულ პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას?
– ადრე ვმუშაობდი რუსეთში და ხშირად მესმოდა მოსაზრება, რომ რუსეთის მეზობელ ქვეყნებს – საქართველოს, უკრაინას არ შეუძლიათ საკუთარი თავის მართვა, რომ იქ მხოლოდ ქაოსია. ამგვარად, როდესაც საქართველოში პოლიტიკური არეულობაა, ერთი კრიზისი მეორეს მოსდევს, მაშინ ეს ადასტურებს იმ ცრუ შეხედულებას, რომელიც რუსეთშია გავრცელებული. პირდაპირი ნიშნები იმისა, რომ რუსეთი ამ პროცესში უშუალოდ ერეოდა, არ მინახავს, მაგრამ რუსეთი ნამდვილად არ იქნებოდა უკმაყოფილო იმით, რომ საქართველოში კრიზისი იყო.
მოდით, ვისაუბროთ გერმანიაში სეზონურად დასაქმებულ ქართველებზე. როგორც ვიცით, იყო გარკვეული პრობლემები სამუშაო პირობებთან დაკავშირებით. რა ინფორმაციას ფლობთ ამ ეტაპზე, აღმოიფხვრა თუ არა ეს პრობლემები?
– ჩემი ინფორმაციით, ერთ კონკრეტულ ადგილზე, სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულთა ერთ ჯგუფთან შექმნილი პრობლემები უკვე აღმოფხვრილია. საქმე ეხებოდა ამ ჯგუფის დაბინავებასა და ანაზღაურებას. დღეს გავიგე, რომ ერთი პატარა კალათა მარწყვი გერმანიაში 5,5 ევრო ღირს. დასაქმებულები, რომლებიც მარწყვს კრეფენ, ერთ კალათაში სამ ევროს იღებენ, რაც საკმაოდ კარგი წილია ამ პროდუქტის ღირებულებისა. მაგრამ თუ ამ ჯგუფს ან სხვა დასაქმებულებს კიდევ ექნებათ რაიმე პრობლემა, მათ გადაიყვანენ სხვა დამსაქმებელთან. სხვათაშორის, ბოლო დღეებში გერმანიაში დასაქმებული ქართველების ჯგუფებისგან რამდენიმე წერილი მივიღე, სადაც მწერენ, თუ როგორ კარგ პირობებში არიან და როგორ მოსწონთ იქ, ეს ძალიან მახარებს.
მთელი მსოფლიოსთვის ახლა მთავარ გამოწვევებს „კოვიდ-19“-ის პანდემია და ეკონომიკის აღდგენა წარმოადგენს. შეგიძლიათ, გვითხრათ საქართველოსა და გერმანიას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის სამომავლო გეგმების შესახებ?
– ჩვენ ახლა შევიტყვეთ საქართველოს შესახებ ციფრები, რომელიც იმედს იძლევა – ეკონომიკა აპრილში საკმაოდ გამოცოცხლებულია, ასევე გავიგეთ, რომ ამაში გარკვეული წვლილი შეიტანა გერმანიასა და საქართველოს შორის ვაჭრობამ, რომელიც პანდემიის დროს გაიზარდა კიდეც. რა თქმა უნდა, არ იქნება ჭკვიანური, რომ ველოდოთ პანდემიის დასრულებას, არამედ ინტენსიურად უნდა ვიმუშაოთ, რათა ძირითადი წინაპირობები კარგი ეკონომიკური კავშირებისთვის კიდევ უფრო გაძლიერდეს, ამის ნაწილს კი პირველ რიგში წარმოადგენს ძლიერი პროფესიული განათლება საქართველოში და ამ სფეროშიც თანამშრომლობისას ჩვენ ჩვენი წვლილი გვინდა შევიტანოთ.
2024 წელს ნატო ევროკავშირის წევრობის განაცხადის წარდგენას გეგმავს. როგორ შეაფასებდით საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. რა არის მთავარი გამოწვევები ქვეყნისთვის ამ გზაზე და რა იქნება თქვენი რჩევა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებთან დაკავშირებით?
– ჩემი რჩევა საქართველოსთვის იქნება, რომ ევროპულ ამბიციებს დიდი მოთმინებითა და დაჟინებით მიჰყვეთ. ევროკავშირისკენ მიმავალი გზა ნიშნავს მთელ რიგ საკანონმდებლო რეფორმებს, ქვეყანაში ეკონომიკურ განვითარებას, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებამდე უფრო მნიშვნელოვნად უნდა გაძლიერდეს. ეს ყველაფერი მოითხოვს დიდ ძალისხმევას პარლამენტში, მთავრობაში. ეს ასევე ნიშნავს ცვლილებებს, რომელიც მიღებული უნდა იქნას. იმედი მაქვს, რომ მომავალშიც ამ გზას მოსახლეობაში ისეთივე ერთიანი მხარდაჭერა ექნება, როგორც აქამდე.
ჩვენ არაერთი განცხადება მოვისმინეთ უკრაინის ხელისუფლებისგან, რომელიც მოუწოდებს ნატო-ს წევრებს რუსეთის აგრესიის ფონზე საქართველოსა და უკრაინისთვის წევრობის სამოქმედი გეგმის მინიჭებისკენ. ორ კვირაში ბრიუსელში ნატო-ს სამიტი გაიმართება. რას უნდა ელოდოს საქართველო ამ სამიტისგან?
– ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სამიტი, რომელსაც სიხარულით ელის გერმანიის ფედერალური მთავრობა და ყველა, ვინც ნატო-ში და ნატო-სთვის მუშაობს. ეს იქნება სამიტი, სადაც ალიანსი ერთიან სახეს წარმოადგენს მას შემდეგ, რაც ბოლო წლების განმავლობაში იყო მკაფიო დაპირისპირება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. MAP-ი სხვადასხვა ქვეყნისთვის ამ სამიტის დღის წესრიგში არ დგას. სამიტის განსახილველ საკითხებში იქნება კონცეფცია 2030 წლისთვის, რომელიც ექსპერტთა ჯგუფის მიერ იქნა შემუშავებული. ამ სამიტზე ასევე იქნება მიცემული დავალება, რომ გადამუშავდეს ნატო-ს სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც 2010 წელს შეიქმნა და უნდა მოხდეს მისი აქტუალურ სიტუაციასთან მორგება. საქართველოსთვის მომავლის გეგმა ნათელია: ჩვენ ინტენსიურად ვთანამშრომლობთ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში. გერმანიას აქ პასუხისმგებლობა აბარია სამ სხვადასხვა საკითხზე, ეს არის ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც საქართველო ალიანსში წევრობისთვის მოემზადება.