ჰუბერტ ქნირში - ვგეგმავთ​ დუალური განათლების სტუდენტების რაოდენობა 500-მდე გავზარდოთ
ჰუბერტ ქნირში - ვგეგმავთ​ დუალური განათლების სტუდენტების რაოდენობა 500-მდე გავზარდოთ

პროფესიული განათლება გერმანიის ეკონომიკის წარმატების ერთ-ერთი საიდუმლოა და გვსურს, საქართველოს გავუზიაროთ; ჩვენი გეგმაა, ორ წელიწადში პროფესიული განათლების სისტემაში მონაწილე კოლეჯების რაოდენობა გავაორმაგოთ, ხოლო დუალური განათლების სტუდენტების რაოდენობა 500-მდე გავზარდოთ, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში საქართველოსთვის პროფესიული განათლების მნიშვნელობა და ამ სისტემის განვითარებისთვის გერმანიის მთავრობის მიერ გაწეული დახმარება განიხილეს.

გადაცემის მსვლელობისას აღინიშნა, რომ გერმანიის მთავრობის დაფინანსებით საქართველოში პროფესიული განათლების ოთხ სასწავლებელს ახალი ტექნიკა, მრავალფუნქციური ღუმელები, უახლესი დონის სიმულატორები, ასევე ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სიმულაციები, პროგრამული უზრუნველყოფის ოთხი სასკოლო ლიცენზია გადაეცემა. გერმანიის მთავრობა აქტიურად არის ჩართული საქართველოში 13 პროფესიული კოლეჯისთვის სასწავლო აღჭურვილობის შესყიდვაში. 2017 წლიდან კი გერმანიის აქტიური მხარდაჭერით საქართველოში დაინერგა თითქმის 20 ე.წ. დუალური სასწავლო პროგრამა, რომელიც სწავლის პროცესში თეორიულ კურსზე გაცილებით მეტ დროს უშუალოდ საწარმოში პრაქტიკის გავლას უთმობს.

გერმანიის ელჩმა განაცხადა, რომ პროფესიული განათლება გერმანული ეკონომიკის წარმატების ერთ-ერთი საიდუმლოა. ამიტომ სასურველია, ეს გამოცდილება საქართველომაც გაიზიაროს.

„საქართველოს წარმატება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრ სხვა საკითხს შორის პროფესიული განათლების მიმართულება ჩემთვის პირადად ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ახალგაზრდებს ისეთი განათლების მიღებაში ეხმარება, რაც საშუალებას მისცემთ, კარგად დასაქმდნენ, თავიანთი სამსახურით და შემოსავლით კმაყოფილი იყვნენ. გარდა ამისა, ჩვენ გერმანიაში დუალური პროფესიული განათლების კონკრეტული გამოცდილება გვაქვს. ეს არის ჩვენი ეკონომიკის წარმატების ერთ-ერთი საიდუმლო და ჩვენ გვინდა ეს გაგიზიაროთ. ძალიან გვიხარია, რომ საქართველოში მრავალმა ადამიანმა კარგად მიიღო ეს ახალი დუალური განათლება, ბიზნესმა, ადმინისტრაციამ, კოლეჯებმა, კოლეჯების დირექტორატმა და ძალიან კარგი შედეგები გვაქვს“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

გერმანიის ელჩის მოსაზრებით, სავსებით შესაძლებელია, რომ საქართველომ პროფესიული განათლების კუთხით გერმანიის წარმატებული მაგალითი გაიმეოროს.

„საქართველოში უნდა გავიგოთ, რომ პროფესიული განათლება ძალიან მნიშვნელოვანია. გერმანიაში დასაქმების ბევრი საშუალება არსებობს, მაგრამ ახალგაზრდების ნახევარი პროფესიულ განათლებას ირჩევს და ამით ძალიან კმაყოფილი და ამაყია. ამ განათლების მიღების შემდეგ ისინი მეწარმეები და ბიზნესმენები ხდებიან. მე ვფიქრობ, ნელ-ნელა მოდაშიც კი შემოდის ეს პროფესიული განათლება. ხალხი ხვდება, რომ ეს ახალგაზრდებისთვის დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყების კარგი საშუალებაა“, – განაცხადა ელჩმა.

გადაცემის თანაწამყვანი და კომპანია „ჯეპრას“ დამფუძნებელი სოსო გალუმაშვილი დაინტერესდა, უკვე არჩეული ხუთი ტრადიციული მიმართულების (სამშენებლო სექტორი, მეღვინეობა, ტურიზმი, ახალი ტექნოლოგიები, ტრანსპორტი და ლოგისტიკა) გარდა, ხომ არ აპირებს გერმანული მხარე პროფესიულ განათლებაში კიდევ ახალი დარგების დამატებას. გერმანიის ელჩის განმარტებით, ორ წელიწადში პროფესიული განათლების სისტემაში მონაწილე კოლეჯების გაორმაგება და დუალური განათლების სტუდენტების რაოდენობა 500-მდე გაზრდა იგეგმება.

„ჩვენ და „ჯიაიზეტი – გერმანიის მთავრობის დახმარების სააგენტო GIZ, ვაპირებთ, რომ ახალი პროფესიები შემოვიღოთ და ახალ კოლეჯებზე გავიდეთ. ცოტა ხნის წინ ეკონომიკის მინისტრთან გვქონდა შეხვედერა, რომ ორი წლის განმავლობაში პროფესიულ განათლებაში მონაწილე კოლეჯების რიცხვი გავაორმაგოთ. გვინდა, წელიწადში 500-მდე კურსდამთავრებული გვყავდეს. ეს არის ჩვენი გეგმა. ვაპირებთ პროფესიული განათლების კოლეჯებს სასწავლებლები დავამატოთ, დამატებითი ტრენინგცენტრი შევქმნათ, სადაც საერთაშორისო გამოცდილების მქონე ტრენერებს მოვიწვევთ. ეს არის ჩვენი სამომავლო გეგმა“, – განუცხადა ჰუბერტ ქნირშმა „ბიზნესპარტნიორს“.

დატოვე კომენტარი