ჰუბერტ ქნირში - რუსეთის წინააღმდეგ იქნება სანქციები, რომლის მსგავსიც მსოფლიოს აქამდე არ უნახავს
ჰუბერტ ქნირში - რუსეთის წინააღმდეგ იქნება სანქციები, რომლის მსგავსიც მსოფლიოს აქამდე არ უნახავს

ჩვენი გულები, ფიქრები და ლოცვები ახლა უკრაინულ ოჯახებთანაა. ევროპელი ლიდერები დღეს შეიკრიბებიან, რომ გადადგან ძლიერი ნაბიჯები და შემოიღონ მკაცრი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური, ტექნოლოგიური მიმართულებებით, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა, რომელიც უკრაინის საელჩოში შეხვედრაზე იმყოფებოდა.

მისივე თქმით, ის, რომ პუტინი წავიდა დიპლომატიის, საერთაშორისო სამართლისა და ნორმების წინააღმდეგ, არ ნიშნავს, რომ ახლა გადადგმული ნაბიჯები არასწორია. ელჩის განმარტებით, საბოლოოდ ეს პრინციპები გაიმარჯვებს.

„ელჩები დღეს მოვედით უკრაინის საელჩოში, რათა გამოგვეხატა ჩვენი სოლიდარობა უკრაინისა და უკრაინელი ხალხისადმი. ჩვენი გულები, ფიქრები და ლოცვები ახლა უკრაინულ ოჯახებთანაა. ევროპელი ლიდერები დღეს შეიკრიბებიან, რომ გადადგან ძლიერი ნაბიჯები და შემოიღონ მკაცრი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური, ტექნოლოგიური მიმართულებებით. ეს ბალანსის მიღწევაში დაგვეხმარება. მე არ ვფიქრობ, რომ დიპლომატია დღეს დამარცხდა. ის, რომ პრეზიდენტი პუტინი წავიდა დიპლომატიის, საერთაშორისო სამართლისა და ნორმების წინააღმდეგ, არ ნიშნავს იმას, რომ ახლა გადადგმული ნაბიჯები არასწორია. ჩვენ ახლა წინ უნდა აღვუდგეთ ამ ყველაფერს და საბოლოოდ ეს პრინციპები გაიმარჯვებს“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

ამასთან, ჟურნალისტების შეკითხვაზე, არის თუ არა სანქციები რუსეთის შესაჩერებლად საკმარისი, გერმანიის ელჩმა განაცხადა, რომ ეს იქნება სანქციები, რომლის მსგავსიც მსოფლიოს აქამდე არ უნახავს.

„ეს არის ძალიან ძლიერი სანქციები. ჩვენ ვიცით, რომ გერმანული ტექნოლოგიები მნიშვნელოვანია რუსეთისთვის. ჩვენ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ. ამასთან, გერმანიამ შეაჩერა „Nord Stream 2“-ის მილსადენი. ეს არის სანქციები, რომლებიც რუსეთის ეკონომიკაზე უკვე გავლენას ახდენენ. თქვენ ასევე შეგიძლიათ ნახოთ, როგორ შეიცვალა რუსეთის საფონდო ბირჟები. სამწუხაროდ, ეს იქნება ძალიან მტკივნეული რუსეთში მცხოვრები ბევრი ადამიანისთვის“, – აღნიშნა ჰუბერტ ქნირშმა.