ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციები განახლდა
ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციები განახლდა

ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციები განახლდა. სამართალდამცველების მიერ დაწესებული აკრძალვის მიუხედავად, აქტივისტები კვლავ ქუჩებში გამოვიდნენ და რამდენიმე ქუჩა ჩახერგეს.

აქციის მონაწილეებს შავი ფერის ტანსაცმელი აცვიათ და ხელში ქოლგები უჭირავთ. ისინი ჰონგ-კონგის იმ უბანში გამოჩნდნენ, რომელი ბიზნესცენტრად ითვლება.

შეგახსენებთ, ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციები 27 ივლისს კვლავ პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა. პოლიციამ ცრემლსადენი აირი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

ჰონგ-კონგში დემონსტრაციები უკვე შვიდი კვირაა, გრძელდება. თავდაპირველად მიტინგი ექსტრადიციის შესახებ კანონში ცვლილებების გამო დაიწყო. ეს ცვლილებები ჰონგ-კონგში დაპატიმრებული მძიმე დანაშაულში ბრალდებული პირების ჩინეთის ტერიტორიაზე ექსტრადირების საშუალებას იძლეოდა, თუმცა საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობამ ახალი რეგულაცია აღარ მიიღო. მიუხედავად ამისა, აქციები არ წყდება. ამჯერად, დემონსტრანტები აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ძალადობაში ბრალდებული პოლიციელების დასჯას ითხოვენ.