ჰონგ კონგში არეულობის გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტი პარალიზებულია
ჰონგ კონგში არეულობის გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტი პარალიზებულია

ჰონგ კონგში არეულობის გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტი პარალიზებულია. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება. როგორც ცნობილია, აღნიშნული გადაწყვეტილება ჰონგ კონგის ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც ათეულობით აქტივისტმა მეტროს სადგურებისთვის ცეცხლის მოკიდება სცადა.

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ჰონგ კონგში მეტროთი ყოველდღიურად 5 მილიონი ადამიანი სარგებლობს. მეტროსთან ერთად, შეჩერებულია ავტობუსების გადაადგილებაც. როგორც ცნობილია ამ დრომდე სრულფასოვან ფუნქციონირებას მხოლოდ აეროპორტი განაგრძობს. დროებით დაიხურა სავაჭრო ცენტრები და სუპერმარკეტებიც. ჯერ უცნობია, რამდენი ხანი გასტანს აღნიშნული ზომები.

ჰონგ კონგის დემონსტრაციებზე მორიგი მასშტაბური არეულობა 4 ოქტომბერს დაიწყო. მას შემდეგ , რაც ჰონგ კონგის ლიდერმა, კერი ლამმა დემონსტრაციაზე ნიღბის გამოყენება აკრძალა. ამის პარალელურად დემონსტრაციის დროს სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა. შედეგად კი ერთი ახალგაზრდა გულმკერდის არეში დაიჭრა.

როგორც პოლიცია იუწყება, აქტივისტი სამართალდამცველებს თავს დაესხა და ისინი იძულებული გახდნენ ცეცხლსასროლი იარაღი გამოეყენებინათ.

აღნიშნული ფაქტების შემდეგ დემონსტრაცია მაშტაბურ არეულობაში გადაიზარდა. აქტივისტები მეტროს სადგურებს, ქუჩებსა და მაღაზიებს ცეცხლს უკიდებდნენ.