ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინაში მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე პასუხისმგებელი რუსეთია
ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინაში მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე პასუხისმგებელი რუსეთია

უკრაინაში მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე პასუხისმგებელი რუსეთია. ასეთი განცხადება გააკეთა ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაერო-ში სიტყვით გამოსვლის დროს.

„დამტკიცდა, რომ რეისი MH17 „ბუკის“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსით ჩამოაგდეს. ის კი რუსეთის არმიას ეკუთვნის. დასკვნა მარტივად არ იქნა მიღებული. ეს არის ინტენსიური ანალიზისა და შესწავლის შედეგი. ნიდერლანდებისა და ავსტრალიის მთავრობა რუსეთს მოუწოდებს, აიღოს პასუხისმგებლობა და ითანამშრომლოს გამოძიებასთან“, – განაცხადა სტეფ ბლოკმა.

გასულ კვირას საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა, რომელშიც ჰოლანდიის, ავსტრალიის, უკრაინის, მალაიზიისა და ბელგიის ექსპერტები არიან, ავიაკატასტროფის ახალ დეტალებთან დაკავშირებით ერთობლივი პრესკონფერენცია ჩაატარა.

საერთაშორისო ჯგუფის წევრებმა განაცხადეს, რომ მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავი რუსული „ბუკის“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსით ჩამოაგდეს.

რუსეთი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის დასკვნას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე მსგავსი ტიპის რუსული შეიარაღება არასოდეს ყოფილა.

2014 წლის 17 ივლისს, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად ბორტზე მყოფი 298-ვე ადამიანი დაიღუპა.