ჰოკეის ვარსკვლავი და ტრამპის ოჯახის მეგობარი იმ პირთა სიაში შეიყვანეს, ვისაც ლატვიაში შესვლა ეკრძალება

13:55, 18.09.2026
„ვაშინგტონ კაპიტალსის“ ჰოკეისტი ალექსანდრ ოვეჩკინი (№ 8) „ნიუ-ჯერსი დევილსის“ წინააღმდეგ მატჩის წინ. 2018 წლის 11 ოქტომბერი

„ვაშინგტონ კაპიტალსის“ ჰოკეისტი ალექსანდრ ოვეჩკინი (№ 8) „ნიუ-ჯერსი დევილსის“ წინააღმდეგ მატჩის წინ. 2018 წლის 11 ოქტომბერი

„ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ მიიღო გადაწყვეტილება, ჰოკეის რუსი სუპერვარსკვლავი, ალექსანდრ ოვეჩკინი ლატვიაში პერსონა ნონ გრატად გამოაცხადოს“, – ნათქვამია ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს 17 სექტემბრის განცხადებაში.

ამის მიზეზი ის არის, რომ ოვეჩკინმა მონაწილეობა მიიღო პოლიტიკურ რეკლამაში, რომელშიც რუსი სპორტსმენი დიქტატორსა და ომის დამნაშავეს, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და მის პარტია „ედინაია რასიას“ უჭერს მხარს.

„შავ სიაში“, ოვეჩკინთან ერთად, რუსი ბიზნესმენი და კრივის სფეროს ფუნქციონერი, უმარ კრემლიოვიც მოხვდა. ეს უკანასკნელი მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მას შემდეგ მოექცა, როდესაც ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის უფროსი ვაჟის, დონალდ ტრამპ უმცროსის საკმაოდ ძვირად ღირებული ქორწილი გულუხვად დააფინანსა.

გამოცემა ProPublica, რომელმაც ეს სენსაციური ამბავი გაასაჯაროვა, წერს: „ოლიგარქმა გადაიხადა კერძო კუნძულის იჯარის ფული, სადაც მიღება გაიმართა და სტუმრებმა ღამე გაატარეს. მან ასევე დაფარა ფეიერვერკის საკმაოდ მსხვილი ხარჯები, ხოლო მისმა გუნდმა ღონისძიების დაგეგმვა იკისრა. კრემლიოვი კრივის საერთაშორისო ასოციაციას (IBA) უდგას სათავეში. ეს სპორტული ორგანიზაცია, რომელსაც რუსული სახელმწიფო ენერგოგიგანტი „გაზპრომი“ აფინანსებს, არაერთხელ გახვეულა სკანდალებში. ქორწილის ხარჯები დუბაიში არსებულმა, IBA-სთან დაკავშირებულმა ორგანიზაციამ გადაიხადა, რომელსაც კრივის საერთაშორისო ასოციაცია ფინანსური ტრანზაქციებისთვის იყენებს“.

ორივე მათგანი – ოვეჩკინიც და კრემლიოვიც – ახლა ლატვიაში პერსონა ნონ გრატად არის გამოცხადებული. ასე რომ, ლატვიის საემიგრაციო კანონის 104-ე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი პუნქტის შესაბამისად, მათ განუსაზღვრელი ვადით მოუწევთ დაივიწყონ აქ ჰოკეის თამაში ან წვეულებებისთვის კუნძულების დაქირავება.

სტატიის ავტორი: ლატვიის საზოგადოებრივი მედიამაუწყებელი (LSM – Latvijas Sabiedriskie Mediji)

ფოტოს ავტორი: ბრუს ბენეტი, საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი, 2026 წელი, 08:36 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი