„ჰიუნდაიმ“ საქართველოს 16-წლამდელთა ჩემპიონატი მოიგო #1TVSPORT
„ჰიუნდაიმ“ საქართველოს 16-წლამდელთა ჩემპიონატი მოიგო #1TVSPORT

თბილისი არენაზე საქართველოს 16-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებული გამოვლინდა. A ლიგა მოიგო და საქართველოს ჩემპიონი გახდა ირაკლი ჩერქეზიშვილისა და ვატო თევზაძის გაწვრთნილი „ჰიუნდაი“, რომელმაც ფინალურ სერიაში აჭარის ნაკრები დაამარცხა.

„ჰიუნდაელებმა“ სერიის პირველი შეხვედრა ბათუმში, 2 დღის წინ 73:47 მოიგეს, რის შემდეგაც მოსალოდნელი იყო, რომ დღეს, სერიის მეორე მატჩის შემდეგ ჩემპიონი გამოვლინდებოდა. ასეც მოხდა – „ჰიუნდაიმ“ მეორე მატჩიც დამაჯერებლად – 77:57 მოუგო აჭარის ნაკრებს და ჩემპიონი გახდა.

გამარჯვებულთაგან 18 ქულით, 7 მოხსნით, 4 ჩაჭრითა და 3 პასით დავით ფარჯიანი გამოირჩა. 19 ქულა, 8 პასი და 7 მოხსნა ჰქონდა საბა პატაშურს. 11 ქულა და 6-6 მოხსნა-პასი თორნიკე ხონელიძის ანგარიშზეა. ბათუმელთაგან 20 ქულით და 11 მოხსნით საუკეთესო იყო ჯუმბერ თავდგირიძე.

მატჩის დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი. სუპერლიგის და ასაკობრივი ლიგების დირექტორმა, გიორგი ჯაფარიძემ ვერცხლის მედლებით – აჭარის ნაკრების წევრები, ხოლო ოქროთი „ჰიუნდაელები“ დააჯილდოვა. ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ „ჰიუნდაის“ კაპიტანი საბა პატაშური დასახელდა.

შეგახსენებთ, რომ 16-წლამდელთა ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი 21 ივნისს გამოვლინდა, რომელიც ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდი გახდა. ზფა-მ ბრინჯაოს მატჩში „აკადემია“ დაამარცხა.