„ჰიუმან რაითს ვოჩი“ - 2024 წელს საქართველოს მთავრობამ ქვეყანა ადამიანის უფლებათა კრიზისისკენ წაიყვანა
2024 წელს საქართველოს მთავრობამ ქვეყანა ადამიანის უფლებათა კრიზისისკენ წაიყვანა, – ამის შესახებ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს ვოჩის“ (Human Rights Watch) ანგარიშშია აღნიშნული.
„მთავრობამ მიიღო ახალი რეპრესიული კანონები, გამოიყენა პოლიციის მხრიდან სასტიკი ძალადობა ძირითადად მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე და მასთან დაკავშირებულ ადამიანის უფლებების რეფორმებზე“, – ნათქვამია ანგარიშიში.
ამასთან, „ჰიუმან რაითს ვოჩის“ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორი, ჰიუ უილიამსონი აცხადებს, რომ „მთავრობა დაუღალავად მიაქანებს ქვეყანას რეპრესიულ ეპოქაში, რომელიც უცხოა საქართველოსთვის, მაგრამ კარგად ნაცნობია ავტორიტარული სახელმწიფოებისთვის“.
„თუმცა არასდროსაა გვიან კურსის შესაცვლელად, რეპრესიული კანონების გასაუქმებლად, შეკრების თავისუფლების დასაშვებად, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის შესაწყვეტად და პოლიციის პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად“ , – აღნიშნავს უილიამსონი.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ „მთავრობამ უარი თქვა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე სადავო 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან ერთი თვის შემდეგ, რომელმაც ქვეყნის მმართველი პარტია ხელისუფლებაში დატოვა“.
„ადგილობრივი დამკვირვებლებისა და საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, არჩევნები მასობრივი გაყალბებით ჩატარდა. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საქართველოს კონსტიტუციის საპირისპიროდ, რომელიც სახელმწიფოს მიზნად ევროკავშირში სრულ ინტეგრაციას ისახავს, და მოსახლეობის 80 პროცენტის სურვილის საწინააღმდეგოდ, რამაც კვირების განმავლობაში საყოველთაო პროტესტი გამოიწვია. სამართალდამცავი ორგანოები 2024 წლის პროევროპულ პროტესტებს ძალადობრივი მეთოდებით პასუხობდნენ, იყენებდნენ ცრემლსადენ გაზს, წყლის ჭავლს, რეზინის ტყვიებს და ფიზიკური ძალადობის სხვადასხვა ფორმას. სპეცრაზმი და ხელისუფლებასთან დაკავშირებული არაფორმალური ძალადობრივი ჯგუფები სცემდნენ ოპოზიციას და დამოუკიდებელ ჟურნალისტებს და ხელს უშლიდნენ მათ მუშაობაში.
ივნისში პარლამენტმა მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, „უცხოური აგენტის“ ტიპის კანონი, რომელიც მოითხოვს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიისგან რეგისტრაციას „უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარ ორგანიზაციებად“, თუ მათი დაფინანსების 20 პროცენტი ან მეტი საზღვარგარეთიდან მოდის. კანონი აძლევს ხელისუფლებას უფლებას, მოითხოვოს სენსიტიური პერსონალური მონაცემები ორგანიზაციებისგან და პირებისგან და ითვალისწინებს მძიმე ჯარიმებს შეუსრულებლობისთვის.
აპრილის ბოლოდან ივნისამდე უცნობმა თავდამსხმელებმა განახორციელეს ძალადობრივი თავდასხმები ათობით აქტივისტზე, რის შედეგადაც ბევრ შემთხვევაში საჭირო გახდა ჰოსპიტალიზაცია. თავდასხმების უმეტესობა განხორციელდა მცირე ჯგუფების მიერ საზოგადოებრივ ადგილებში, მოწმეებისა და ვიდეოკამერების თანდასწრებით. თუმცა, პოლიციას არ დაუდგენია და არ დაუკავებია არცერთი ეჭვმიტანილი.
სექტემბერში პარლამენტმა მიიღო ანტი ლგბტ შესწორებები, რომლებიც აწესებს დისკრიმინაციულ შეზღუდვებს განათლების, ჯანდაცვის, გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებებზე. შესწორებები ასევე კრძალავს ლგბტ ადამიანების პოზიტიურ მოხსენიებას ლიტერატურაში, ფილმებში და მედიაში, ასევე სკოლებში და საჯარო შეკრებებზე.
საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა მოითხოვონ დამოუკიდებელი გამოძიება მთავრობის მიერ ძირითადად მშვიდობიანი ანტისამთავრობო პროტესტების ძალადობრივი ჩახშობის შესახებ და განიხილონ ინდივიდუალური სანქციების დაწესება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობრივ ქმედებებზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირების მიმართ“, – ნათქვამია ანგარიშში.