ჰილარი კლინტონის თქმით, პანდემიასთან გამკლავებას დონალდ ტრამპზე უკეთ შეძლებდა
ჰილარი კლინტონის თქმით, პანდემიასთან გამკლავებას ის დონალდ ტრამპზე უკეთ შეძლებდა. ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა „ჰოლივუდ რეპორტერთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„დარწმუნებული ვარ, ჩვენ უკეთესად შევძლებდით საქმის კეთებას და მოქალაქეთა სიცოცხლის გადარჩენას, უკეთესად მოდელირებას და უფრო პასუხისმგებლიანად მოვიქცეოდით. ჩემი აზრით, ადამიანების შემოსავლის წყაროზე და სამუშაო ადგილებზე მსგავსი ხისტი ეკონომიკური თავდასხმა აუცილებელი იყო. ასე რომ, ვიცი, მე უკეთესად შევასრულებდი სამუშაოს“, – განაცხადა ჰილარი კლინტონმა.
მისივე თქმით, ის იმედგაცრუებულია, რომ პანდემიის დროს განზე უწევს დგომა და მიაჩნია, რომ მეტის გაკეთება შეუძლია.
2016 წლის არჩევნებზე ტრამპის მეტოქემ არ დამალა ნეგატიური დამოკიდებულება მოქმედი პრეზიდენტის მიმართ, მას „შურისმაძიებელი“ უწოდა და თქვა, რომ ტრამპი პრეზიდენტობისთვის მზად არ არის.
„გულის სიღრმეში ტრამპმა იცის, რომ რუსები მას დაეხმარნენ, მიუხედავად იმისა, რომ ამას არაჩვეულებრივი ძალისხმევით უარყოფს. მან იცის რომ ვიკილიქსი მას დაეხმარა. ის ამ ყველაფერს ხვდება. მას არ სურს, რომ მისი პრეზიდენტად არჩევის ლეგიტიმურობის საკითხი ოდესმე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, თუმცა ისტორია კითხვებს მაინც გააჩენს“, – განაცხადა აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა.
კლინტონმა ასევე ისაუბრა 2020 წლის არჩევნების წინ არსებულ გარემოზე და განაცხადა, რომ „ფეისბუქმა“ რუსეთის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის პასუხი უნდა აგოს.
„ფეისბუქმა“ პასუხი უნდა აგოს, რადგან მათ გაატარეს კონსპირაციული თეორიები, შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია და რუსული დეზინფორმაცია. მათ პასუხი უნდა აგონ, რადგან ჩვენ კიდევ ერთ არჩევნები გვექნება და ყველამ უნდა იცოდეს რა დევს ფსონზე და ასე უნდა მისცენ ხმა“, – განაცხადა ჰილარი კლინტონმა.