ჰეზბოლა - ამერიკამ ისრაელსა და ლიბანს შორის არჩევანი უნდა გააკეთოს
ჰეზბოლა - ამერიკამ ისრაელსა და ლიბანს შორის არჩევანი უნდა გააკეთოს

ლიბანური ექსტრემისტული სამხედრო გაერთიანება ჰეზბოლას ლიდერმა საიდ ჰასან ნასრალამ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის ოფიციალური ვიზიტი ბეირუთში უშედეგო აუდიენციად შეაფასა. მისი თქმით, ტილერსონისა და ლიბანის მთავრობას შორის მოლაპარაკებებს არავითარი შედეგი არ მოუტანია.

„ამერიკა ისრაელის მთავარი პარტნიორია, თუმცა ამავდროულად, ლიბანის მთავრობას მხარდაჭერას უცხადებს. ამერიკამ უნდა აირჩიოს სწორი მხარე და სამართლიანი პოზიცია დაიჭიროს ტერიტორიული ზღვის გარე საზღვრის დადგენაში, რაც ლიბანის სახელმწიფო საზღვარია“ – განაცხადა ნასრალამ.

ორი დღის წინ ლიბანში ვიზიტის დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ლიბანის მთავრობას მოუწოდა, ჰეზბოლას პოლიტიკაში ჩარევის საშუალება შეუზღუდონ. ექსტრემისტული სამხედრო გაერთიანება ჰეზბოლა ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციადაა აღიარებული.

ვაშინგტონმა ლიბანის პარლამენტის თავმჯდომარეს ასევე შესთავაზა, დაადგინოს საზღვაო საზღვარი ისრაელთან, რაზეც ლიბანის მთავრობამ რექს ტილერსონს უარი განუცხადა.

საზღვაო საზღვარი ისრაელსა და ლიბანს შორის ათწლეულებია სადავო საკითხს წარმოადგენს. შარშან ისრაელის პარლამენტში, ქნესეთში კენჭი უყარეს კანონპროექტს, რომლის თანახმად, ისრაელმა ლიბანთან საზღვაო საზღვარი ცალმხრივად დაადგინა. ამ კანონპროექტის თანახმად, ისრაელი ხმელთაშუა ზღვის 860 კვ.კმ-ს საკუთარ ტერიტორიად მოიაზრებს, რასაც ოფიციალური ბეირუთი სუვერენიტეტის შელახვად აფასებს.

ტრამპის ადმინისტრაციამ ლიბანის მთავრობას ისრაელის ხელისუფლებასთან აღნიშნულ საკითხზე მედიაცია შესთავაზა, რაზეც საად ჰარირის მთავრობა უარს აცხადებს.