Hermitage Capital-ის ფონდის ხელმძღვანელი - რუსეთზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს
Hermitage Capital-ის ფონდის ხელმძღვანელი - რუსეთზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს

ბრიტანეთი სანქციებს დაუწესებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ვინც კავშირშია კორუფციასთან და ადამიანის უფლებების დარღვევასთან. ბრიტანეთმა ამერიკული „მაგნიტსკის აქტის“ ანალოგიური კანონი მიიღო. ე.წ მაგნიტსკის შესწორებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა. „მაგნისტსკის შესწორების“ თანახმად, ადამიანის უფლებების დარღვევაში მხილებული პირების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვები დაწესდება, გაიყინება მათი ანგარიშები და ჩამოერთმევათ ქონება.

„ისტორიული დღე დიდი ბრიტანეთისთვის. სწორი ნაბიჯი, პასუხი პუტინის რეჟიმს უსამართლობაზე, ადამიანის უფლებების, საერთაშორისო სამართლის, კანონმდებლობის უგულებელყოფაზე, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის მცდელობაზე. რუსეთზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს. ეს არის ძლიერი იარაღი მათ წინააღმდეგ საბრძოლველად, ვინც ყოველდღიურად არღვევს ადამიანის უფლებებს“, – აცხადებს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში Hermitage Capital-ის ფონდის ხელმძღვანელი ბილ ბროუდერი.

სერგეი მაგნიტსკი Hermitage Capital-ის იურისტი იყო. მაგნიტსკიმ პოლიციის ოფიცრების საგადასახადო მაქინაციები და კორუფციული გარიგებები გამოავლინა. მათ ბრალი დასდო ფონდის სახელით 230 მილიონი დოლარის მითვისებაში. მაგნიტსკი 2008 წელს დააკავეს და 11 თვის შემდეგ, 2009 წლის 16 ნოემბერს მოსკოვის საგამოძიებო იზოლატორში 37 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დამოუკიდებელმა ექსპერტებმა, ადგილობრივმა და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საკანში მაგნისტკის წამების ფაქტებზე დაიწყეს საუბარი. მათ განაცხადეს, რომ დაკავებულს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მკურნალობაზეც უარი უთხრეს, სცემდნენ და იზოლატორში წამების შედეგად გარდაიცვალა. ოფიციალური ვერსიით, მაგნიტსკი გულის უკმარისობით დაიღუპა. Hermitage Capital-ის იურისტი გარდაცვალების შემდეგ გაასამართლეს. ის ტვერის სასამართლომ გადასახადების დამალვაში დამნაშავედ ცნო.

Hermitage Capital-ის ფონდის ხელმძღვანელის, ბილ ბროუდერის მცდელობის შედეგად მოხერხდა აშშ-ში სერგეი მაგნიტსკის გლობალური აქტის მიღება. დიდ ბრიტანეთში „მაგნისტკის შესწორების“ დამტკიცებას გამოეხმაურა გარი კასპაროვი. „მადლობა ყველას, ვისაც სურს, რომ რუსეთი ძლიერი, თავისუფალი და დემოკრატიული იყოს“, – განაცხადა გარი კასპაროვმა.

კანონის მიღების აუცილებლობაზე დიდ ბრიტანეთში საუბარი 4 მარტს, ქალაქ სოლსბერიში სკრიპალების მოწამვლის შემდეგ გააქტიურდა.