ჰერმან საბო - ვგონებ, ძალიან გაჭირდება სახალხო დამცველის შერჩევაზე გადაწყვეტილება და კონსენსუსი, ორივე მხარე თუ არ წავიდა დათმობაზე, შესაძლოა, ეს პროცესი ჩავარდეს
ჰერმან საბო - ვგონებ, ძალიან გაჭირდება სახალხო დამცველის შერჩევაზე გადაწყვეტილება და კონსენსუსი, ორივე მხარე თუ არ წავიდა დათმობაზე, შესაძლოა, ეს პროცესი ჩავარდეს

ვგონებ, ძალიან გაჭირდება სახალხო დამცველზე გადაწყვეტილების მიღება და კონსენსუსის მიღწევა, ორივე მხარე თუ არ წავიდა დათმობაზე, შესაძლოა, ეს პროცესი ჩავარდეს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ განაცხადა.

მისივე თქმით, როგორც კი საუბარი იმაზე მიმდინარეობს, რომ ადამიანებს შეუძლიათ ერთმანეთთან ლაპარაკი და რაღაცაზე შეთანხმება, თითქოს რაღაც ძალები ეგრევე ემზადებიან, რათა რამე ისეთი გააკეთონ, რომ მათ შორის საუბარი შეწყდეს.

„სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი საკმაოდ კარგად მიმდინარეობდა, თუმცა წინა კვირას ისეთი პოლიტიკური აყალმაყალი გვქონდა, მოცემულ მომენტში ვერ ვხვდები, რამ შეიძლება, გამოიწვიოს ის, რომ ეს ხალხი ისევ ერთმანეთთან დასხდეს, ვიდრე ვითარება ცოტა არ გაცივდება და ტემპერატურა არ დაიწევს. ვგულისხმობ, სააკაშვილის კადრების გამოქვეყნებას თუ ევროკავშირის დოკუმენტებში ჩანაწერებს. როგორც კი საუბარი წავა ხოლმე იმაზე, რომ ადამიანებს შეუძლიათ ერთმანეთთან ლაპარაკი და რაღაცაზე შეთანხმება, თითქოს ეგრევე რაღაც ძალები ემზადებიან, რათა რამე ისეთი გააკეთონ, რომ მათ შორის საუბარი შეწყდეს. ჯერ ვერ ვხვდები, რამ შეიძლება, აიძულოს ეს მხარეები, ეს პროცესი ისევ გააგრძელონ. ვგონებ, ძალიან გაჭირდება გადაწყვეტილების მიღება და კონსენსუსის მიღწევა, ორივე მხარე თუ არ წავიდა დათმობაზე, შესაძლოა, ეს პროცესი ჩავარდეს.

ჯერ რაც მოვახერხეთ, ის არის, რომ საუბრები მოკლე სიაზე დავიდა. ამ სიაში იყვნენ ოპოზიციის კანდიდატებიც, ხელისუფლების სიმპათიის მქონე კანდიდატებიც. იყო ასევე იაგო ხვიჩიაც, რომელიც არავის პირველი არჩევანი არ არის, მაგრამ არის რაღაცნაირი უსაფრთხოების ბალიში, რომ შეთანხმება თუ ვერ მოხერხდა, მასზე მაინც მოხერხდეს შეთანხმება. თუ მოხერხდა ის, რომ პოლიტიკურმა ტემპერატურამ ცოტა დაიწია, შიმშილობა შეწყდა და მიხეილ სააკაშვილი სასამართლოში ჩართეს, ორივე მხრიდან თუ დავინახეთ გადადგმული ნაბიჯები, კონსტრუქციულობისთვის შეიძლება, რამე შეთანხმებას მივაღწიოთ, მაგრამ ასეთი ნაბიჯები თუ ვერ დავინახეთ, მაშინ, ვვარაუდობ, ეს საკითხი ჩავარდება, მიუხედავად იმისა, რომ ის 12 პუნქტიდან ერთ-ერთია და ასეთი მნიშვნელოვანია მისი შესრულება“, – განაცხადა ჰერმან საბომ.