ჰერმან საბო - მთაწმინდის მაჟორიტარად ჩემი არჩევა ძალიან ბევრ რამეს შეცვლის
მგონია, რომ ჩემი არჩევა ძალიან ბევრ რამეს შეცვლის, ჩემი კონკურენტებისგან განსხვავებით, – ამის შესახებ მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში პოლიტიკური პარტია „გირჩის“ კანდიდატმა, ჰერმან საბომ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში ძალიან ბევრი ჯგუფია წარმოდგენილი, ერთადერთი ჯგუფი, რომელსაც ახალგაზრდობის და მოსახლეობის მხარდაჭერა აქვს და ამის პარალელურად, პარლამენტში წარმოდგენილი არ არის, არის „გირჩი“. „გირჩის“ პარლამენტში მოხვედრა ბევრი ასპექტით იქნება საინტერესო და თუნდაც, იმ მხრივ იქნება საინტერესო, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პლურალიზმის ხელშეწყობისთვის „გირჩის“ ხმა პარლამენტში აუცილებლად უნდა ისმოდეს“, – განაცხადა ჰერმან საბომ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ვის მოიაზრებს პოტენციურ პარტნიორად გამარჯვების შემთხვევაში, ჰერმან საბომ განაცხადა, რომ სავარაუდოდ არავის.
„ბატონო და ქალბატონო ამომრჩევლებო, თქვენი პარტიები აგდებით გექცევიან და თქვენ მიმართ ასეთი დამოკიდებულება აქვთ – ვისაც დაგიყენებთ, იმას აირჩევთ. თითქოს თქვენ შინაარსს, აზრს არ გეკითხებიან. თქვენ ადგილზე ცოტა მეამბოხე გამოვლინებას გავაკეთებდი და თქვენს პარტიებს „გირჩის“ მხარდაჭერით დავსჯიდი“, – მიმართა ჰერმან საბომ ამომრჩევლებს.
მისი თქმით, პოლიტიკოსს სულ მცირე, სამი რამ სჭირდება – გულწრფელობა, მორალურობა, პოლიტიკაზე, იდეოლოგიებზე და სამყაროს მოწყობის სხვადასხვა შეხედულებებზე წარმოდგენა და ეკონომიკის ცოდნა, რომლის გარეშეც პირველი ორი შინაარსს კარგავს.
„ქართველი პარლამენტარების აბსოლუტურ უმრავლესობას აქედან მინიმუმ, ერთი მაინც აკლია. ისევე – როგორც ჩემს კონკურენტებს, ეჭვი მაქვს“, – განაცხადა ჰერმან საბომ.
მან ასევე განაცხადა, რომ პირადად, მისთვის მიუღებელია, როცა ის ხალხი, რომლებიც ყველგან იყვნენ, სადაც ყოფნა შეეძლოთ, ერთმანეთისკენ იშვერენ ხელს.
„რამდენი წელი უნდა ვისმინოთ ეს – შენ ხომ ის ქენი და შენ ის. რაღაცას ხომ უნდა გავცდეთ, არა?“ – განაცხადა საბომ.
ამ განცხადებით ჰერმან საბო გადაცემის სტუმრებს შორის გამართულ პოლემიკას გამოეხმაურა.