ჰერმან საბო - გასაგებია, რომ ლუკაშენკო იმას გააკეთებს, რასაც პუტინი ეტყვის, თუმცა მიუხედავად ამისა მგონია, რომ ჩვენი მესიჯი უნდა იყოს ძალიან მკაფიო
დღეს ლუკაშენკოს რეჟიმი არის პუტინის რეჟიმის გაგრძელება და სერიოზულად მასზე გაბრაზება, ცოტა არასერიოზულია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ჰერმან საბომ განაცხადა.
„გასაგებია, რომ ლუკაშენკო იმას გააკეთებს, რასაც პუტინი ეტყვის, თუმცა ამის მიუხედავად მგონია, რომ ჩვენი მესიჯი უნდა იყოს ძალიან მკაფიო. ეს არის ერთგვარი შესაძლებლობა იმის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობაში თუ ქართული საკითხი ცოტა უკან არის დაწეული, კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ, რომ ეს პრობლემა არსებობს საქართველოში, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები არსებობს, მათი აღიარების პრობლემა შეიძლება არსებობდეს. შეიძლება ამით კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენთვის აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საკითხი. ელჩი რომ გვყავდეს, კარგი იქნებოდა ელჩის გამოწვევა, ეს დიპლომატიური ჟესტი იქნებოდა, მაგრამ ელჩი არ გვყავს. თუ ჩვენი განცხადების შემდეგ ლუკაშენკო შეიცვლის პოზიციას, მასთან ისევ შეიძლება მეტ-ნაკლებად ნელთბილი პოზიციის აღდგენა. თუმცა თუ არ შეიცვლის, უნდა დავრჩეთ იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ვართ. ვიდრე ლუკაშენკოს რეჟიმი ამ პოზიციაზე, მე რომ ვიყო ხელისუფლებაში, ელჩს არ დავნიშნავდი და ამით მესიჯს გავუგზავნიდი მას“,- განაცხადა ჰერმან საბომ.
როგორც ცნობილია, 28 სექტემბერს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შეხვდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის გამო, ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა და საგარეო უწყებაში პროტესტის ნიშნად საქართველოში ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარა.