ჰერმან საბო - არ მგონია, „შავ სიებზე“ საუბარი სწორი იყოს მაშინ, როდესაც თან შერიგებას ითხოვს ყოფილი პრეზიდენტი
ჰერმან საბო - არ მგონია, „შავ სიებზე“ საუბარი სწორი იყოს მაშინ, როდესაც თან შერიგებას ითხოვს ყოფილი პრეზიდენტი

პარტია „გირჩის“ წევრის ჰერმან საბოს შეფასებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხრიდან „შავ სიასთან“ დაკავშირებით საუბარი სწორი არ არის.

„ასეთი რიტორიკით საუბარი არ მგონია, სწორი იყოს მაშინ, როდესაც თან შერიგებას ითხოვს ბატონი ყოფილი პრეზიდენტი. არასწორია, ახლანდელ გადაცდომებს გაუსვა ხაზი და ასეთი შავი სია შექმნა, როდესაც შენივე პერიოდში გადაცდომებზე შავი სია არ შექმნილა. თუ შერიგება და ერთმანეთის პატიებაა, მაშინ ახლანდელიც უნდა ვაპატიოთ და მაშინდელიც. თუ არ ვპატიობთ და ომს ვაგრძელებთ, მაშინ შავი სიები ყველა პერიოდისთვის გვჭირდება და მაშინ ყველა უნდა დაისაჯოს, თუ ამ რიტორიკას მივყვებით“, –  განაცხადა ჰერმან საბომ.

რაც შეეხება „შავი სიისთვის“ საიტის შექმნას, ჰერმან საბოს განმარტებით, ასეთი რამ აზიანებს ადამიანებში სიმართლის განცდას და ძირს უთხრის ინსტიტუტებს.

„ლინჩის წესით გასამართლება და მოქალაქეების განწყობებზე დაფუძნებული სამართალი ძალიან საშიში და ბოროტი რამ არის. მაგის ნაცვლად, ყველა პოლიტიკურ ძალას ვურჩევდი, ეზრუნა და ესაუბრა იმაზე, რა უნდა ვქნათ სასამართლოს გასაჯანსაღებლად და იმ სიტუაციიდან გამოსასვლელად, რომელშიც დღეს ჩვენი მართლმსაჯულებაა. ასეთი საიტების და სიების შექმნა აზიანებს ადამიანებში სიმართლის განცდას და ძირს უთხრის ისედაც ძირგამოთხრილ ინსტიტუტებს. იმის იმედსაც კი უწურავს ადამიანებს, რომ ოდესმე შეიძლება, ჩვენს სასამართლოს და პროკურატურას რამე ეშველოს“, – აღნიშნა ჰერმან საბომ.