ერთა ლიგის C2 ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქის, სომხეთის ნაკრების კაპიტანი ჰენრიხ მხითარიანი ფეხბურთის თამაშს კიდევ 6-7 წელი აპირებს – ეს სომეხმა ფეხბურთელმა სერია „ა“-ს ოფიციალურ ვებგვერდთან ინტერვიუში განაცხადა.
31 წლის ნახევარმცველ ჰენრიხ მხითარიანის ტრანსფერი ლონდონის „არსენალს“ ეკუთვნის, ხოლო „რომაში“ ერთწლიანი იჯარით გადავიდა. პანდემიის გამო, მხითარიანმა გუნდთან კონტრაქტი სეზონის დასრულებამდე გაახანგრძლივა.
„სამწუხაროდ, ამ სეზონზე მნიშვნელოვანი მატჩების გამოტოვება მომიხდა, მაგრამ ახლა ბედნიერი ვარ, რომ მოედანზე დავბრუნდი. კარგ ფორმაში ვარ და თავს მშვენივრად ვგრძნობ. მსურს, იმდენი ხანი ვითამაშო, რამდენის საშუალებასაც ჯანმრთელობა მომცემს. ვფიქრობ, ამას კიდევ 6-7 წელი შევძლებ. ჩემი კარიერის ყოველი წუთით სიამოვნების მიღება მსურს“, – განაცხადა მხითარიანმა.
იტალიური კლუბის პრესსამსახურის ცნობით, „რომა“ სომხეთის ნაკრების ლიდერს ასევე წინასწარ შეუთანხმდა, რომ იჯარა სეზონის დასრულების შემდეგ კიდევ ერთი წლით გაგრძელდება.