აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ქვემსუბუქი (flyweight) წონითი დივიზიონის მებრძოლი ტი ჯეი დილაშოუ (16-4) ამ დრომდე დისკვალიფიკაციას იხდის. ოქტაგონზე დაბრუნებამდე მას კიდევ რვა თვე მოუწევს მოცდა. ამჟამად დივიზიონის ჩემპიონი ჰენრი სეხუდოა (15-2). სწორედ მასთან გამართა უკანასკნელი სატიტულო ბრძოლა (2019 წლის იანვარი) ტი ჯეი დილაშოუმ და 32 წამში ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა. აღნიშნული მარცხის შემდეგ დილაშოუს სისხლში აკრძალული ნივთიერება „ეი-პი-ო“ (EPO) აღმოაჩნდა, რის გამოც ანტისადოპინგო კომისიამ ის ორწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.
ერთ-ერთ ინტერვიუში დილაშოუმ განაცხადა, რომ დაბრუნების შემდეგ სატიტულო ბრძოლას უმიზნებს, თუმცა მის ამ სურვილს სეხუდომ მალევე ხაზი გადაუსვა.
„დიდი სიამაყის გრძნობა მეუფლება როდესაც ოქტაგონზე ვინმეს წინააღმდეგ ვიბრძვი. თუმცა როდესაც ტი ჯეიზე მხოლოდ გაიფიქრებ, მაშინაც კი ბინძური აზრები მომდის თავში. ვერ ვხვდები მიზეზს თუ რატომ უნდა მქონდეს სურვილი ამ ადამიანთან ბრძოლის. როდესაც მეტოქეს ხელს ართმევ და ოქტაგონზე დაუნდობელ ბრძოლას მართავ, ხოლო შემდგომ იგებ, რომ ეს ადამიანი მოიხმარდა EPO-ს, ნივთიერებას, რომლის მიღების შემდეგ დაღლა უბრალოდ შეუძლებელია რა პატივისცემაზე უნდა ვისაუბროთ საერთოდ. სწორედ ამ ნივთიერებას მოიხმარდა ლენს არმსტრონგი. ვფიქრობ, რომ არასოდეს გავმართავ რემატჩს დილაშოუსთან. ის ჩემთვის ყოველთვის ბინძურ სპორტსმენად დარჩება“, – განაცხადა სეხუდომ.