ჰეიდი ჰაუტალა - საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ირღვევა ადამიანთა ფუნდამენტური უფლებები
ჰეიდი ჰაუტალა - საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ირღვევა ადამიანთა ფუნდამენტური უფლებები

რუსეთმა აგრესიული ქმედებებით საერთაშორისო წესრიგი შეარყია და ეს მოხდა 2008 წლის აგვისტოში, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ჰეიდი ჰაუტალამ პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ირღვევა ადამიანთა ფუნდამენტური უფლებები.

„ჩვენ 10 წლის სათანადოდ ვერ მივხვდით, რომ რუსეთი გააკეთებდა უფრო მეტს, წავიდოდა წინ, გააგრძელებდა აგრესიული პოლიტიკით გავლენის მოპოვების მცდელობას მეზობელ სახელმწიფოებზე. 2014 წელს მოხდა ყირიმის ანექსია და რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში საომარ მოქმედებებს ხელი შეუწყო. კარგად უნდა გავაანალიზოთ 2008 წლის აგვისტოს მოვლენები და 5-დღიანი ომი მაღვიძარა უნდა იყოს საერთაშორისო საზოგადოებისთვის. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ირღვევა ადამიანთა ფუნდამენტური უფლებები. მათ საკუთარი აზრისა და სურვილების თავისუფლად გამოთქმის საშუალება არ აქვთ, შეზღუდულია მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა და იზოლაცია რუსეთის მიზანმიმართულ პოლიტიკას წარმოადგენს. ჩვენ მხარს ვუჭერთ და მივესალმებით საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივას“, – განაცხადა ჰეიდი ჰაუტალამ.

ევროპარლამენტში გუშინ საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა, რომელზეც სიტყვით გამოვიდა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი თემაზე – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის შეჭრიდან 10 წლის შემდეგ. ევროპარლამენტის პირველ რეზოლუციას, რომელშიც არჩილ ტატუნაშვილზე იქნება საუბარი, 14 ივნისს უყრიან კენჭს.