ჰასან რუჰანი - საუდის არაბეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმა იემენელი ხალხის მხრიდან საპასუხო ზომაა
ჰასან რუჰანი - საუდის არაბეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმა იემენელი ხალხის მხრიდან საპასუხო ზომაა

ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი აცხადებს, რომ საუდის არაბეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმა იემენელი ხალხის მხრიდან საპასუხო ზომაა. ამის შესახებ ჰასან რუჰანიმ რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„იემენელი ხალხი იყენებს თავდაცვის ლეგიტიმურ უფლებას. თავდასხმა იყო საპასუხო ზომა იემენის წინააღმდეგ მრავალწლიან აგრესიაზე“, – განაცხადა ირანის ლიდერმა.

ჰასან რუჰანიმ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც რამდენიმე საათით ადრე საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედმა კოალიციამ განაცხადა, რომ ​ნავთობობიექტებზე თავდასხმები ირანული იარაღით განხორციელდა.

საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია „არამკოს“ ობიექტებზე თავდასხმა 14 სექტემბერს განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ირანთან დაკავშირებულმა ჰუსიტებმა აიღეს, რომლებიც იემენის დედაქალაქ სანას აკონტროლებენ. თავდასხმის შედეგად დაზიანდა მსოფლიოში უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა.