ჰასან როუჰანი ევროპელ ლიდერებს აფრთხილებს, არ გადადგან მცდარი ნაბიჯი
ჰასან როუჰანი ევროპელ ლიდერებს აფრთხილებს, არ გადადგან მცდარი ნაბიჯი

ირანის პრეზიდენტი ჰასან როუჰანი ევროპელ ლიდერებს აფრთხილებს, არ გადადგან მცდარი ნაბიჯი, ვაშინგტონს კი მიმართავს, გაიყვანოს ჯარები რეგიონიდან. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა ევროპელმა სამხედროებმა თავი უსაფრთხოდ ვეღარ იგრძნონ, ისევე, როგორც უსაფრთხოდ არ არიან ამერიკელი სამხედროები. ჰასან როუჰანი ასევე უარს ამბობს, საერთაშორისო ექვსეულის მიერ 2015 წელს მიღწეული ბირთვული შეთანხმება, რომელიც ვაშინგტონმა 2018 წელს დატოვა, ახალი შეთანხმებით ჩანაცვლდეს.

აღნიშნული წინადადებით გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გამოვიდა და აშშ-ის პრეზიდენტს მოუწოდა, ვაშინგტონის მიერ დაწუნებული შეთანხმების ნაცვლად შეექმნა ახალი „ტრამპის შეთანხმება“, რათა ირანმა ვერ შეძლოს ბირთვული იარაღის შექმნა. ბორის ჯონსონის წინადადება აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოიწონა, რომელმაც მიკრობლოგ „ტვიტერში“ განაცხადა, რომ ემხრობა ამ იდეას. თუმცა, ირანის პრეზიდენტი წინააღმდეგია.

„ეს პრემიერ-მინისტრი ლონდონში არ ვიცი, რანაირად ფიქრობს. ამბობს, გვერდით გადავდოთ ბირთვული შეთანხმება და ავამოქმედოთ „ტრამპის გეგმა“; თუ მცდარ ნაბიჯს გადადგამთ, ეს თქვენი ზარალი იქნება; აირჩიეთ სწორი გზა, რომელიც ბირთვულ შეთანხმებაზე დაბრუნებაა.

დღეს ამერიკელი სამხედროები არ არიან უსაფრთხოდ. ხვალ შესაძლოა, ევროპელი სამხედროები არ იყვნენ უსაფრთხოდ. მოგვეცით საშუალება, ეს გამოვასწოროთ. ჩვენ არ გვსურს არასტაბილურობა მსოფლიოში, გვინდა, რეგიონი დატოვოთ, თუმცა არა ომის გზით, თქვენით გახვიდეთ, რაც უკეთესი იქნება თქვენთვის“, – აცხადებს როუჰანი.