„ტოტენჰემ ჰოტსპურის“ თავდამსხმელი ჰარი კეინი ტრავმისშემდგომი პერიოდის შესახებ საუბრობს და იმედს გამოთქვამს, რომ მოედანზე ძალიან მალე დაბრუნდება. მისი სიტყვები ლონდონური კლუბის ოფიციალურ საიტს მოჰყავს.
„ყველაფერი რიგზე მაქვს როგორც რეაბილიტაციის, ასევე პირადი ცხოვრების თვალსაზრისით. ამჟამად აღდგენით პროცედურებს გავდივარ და ველოდები, რა გადაწყდება სეზონის გაგრძელებასთან დაკავშირებით“, – ამბობს ინგლისელი ფორვარდი. – „ჩემი ოჯახი კარგად არის. ახლა ყველანი კორონავირუსზე ვფიქრობთ და მთავარია, ერთად ვიყოთ, რათა ყველაფერი კარგად დასრულდეს. საბოლოო გამოჯანმრთელებამდე არც ისე შორია და იმედი მაქვს, რომ ორ-სამ კვირაში მწყობრში ვიქნები“.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო თითქმის ყველა ევროპული ჩემპიონატი, მათ შორის ინგლისური პრემიერლიგა, განუსაზღვრელი ვადით არის შეჩერებული.