თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი ყაზანში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდა. შეხვედრის დასაწყისში პუტინმა აღნიშნა, რომ თურქეთთან ურთიერთობები სტაბილურად ვითარდება.
„ჩვენი კონტაქტები ფორმალურ ჩარჩოებს გასცდა და მეგობრული ხასიათი მიიღო. ეს დიდწილად თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ ნაჩვენები მიდგომის დამსახურებაა. მსურს, ერდოღანს ჩვენი საუკეთესო სურვილები გადასცეთ. ჩვენ ყოველთვის სიამოვნებით ვუმასპინძლებთ მას ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა პუტინმა.
თავის მხრივ, ფიდანმა პუტინს თურქეთის პრეზიდენტის მისალმება გადასცა და აღნიშნა, რომ რეგიონსა და მსოფლიოში ბევრი მნიშვნელოვანი საკითხია განსახილველი.
„ჩვენს რეგიონსა და მსოფლიოში ძალიან დატვირთული დღის წესრიგია. ამ საკითხებში თქვენი გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი საკითხია, რომელთა განხილვაც გვჭირდება“, – განაცხადა ფიდანმა.
პუტინთან შეხვედრის შემდეგ, მედიასთან საუბრისას ფიდანმა ხაზი გაუსვა, რომ თურქეთი მხარს უჭერს რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დიპლომატიური გზით დასრულებას.
„თურქეთი მზად არის, უზრუნველყოს ყველა სახის მხარდაჭერა, მათ შორის, შემდგომი მოლაპარაკებების მასპინძლობა“, – განაცხადა ფიდანმა.
მისივე თქმით, რუსეთში გამართული შეხვედრების დროს შენიშნა, რომ უკრაინასთან დაკავშირებით მათი პოზიცია არ შეცვლილა.
„შევნიშნე, რომ რუსი ოფიციალური პირების შეხედულებები უკრაინასთან დაკავშირებით არ შეცვლილა. ისინი ამბობენ, რომ დონეცკის საკითხის მოგვარების გარეშე არაფერი მოხდება“, – აღნიშნა ფიდანმა.
ამასთან, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თურქეთ-სომხეთის ურთიერთობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მზად არის სომხეთთან ნორმალიზაციის პროცესის გასაგრძელებლად.
ფიდანის თქმით, თურქეთსა და სომხეთს შორის, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის პოლიტიკური ნების საფუძველზე, განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, მათ შორის პირდაპირი ვაჭრობისა და საჰაერო მიმოსვლის მიმართულებით.