ჰანა შელესტი - ჩვენთვის ძალიან საინტერესოა, ვიხილოთ, რომელი უკრაინული გამოცდილება შეიძლება გამოვიყენოთ საქართველოსთვის
ჰანა შელესტი - ჩვენთვის ძალიან საინტერესოა, ვიხილოთ, რომელი უკრაინული გამოცდილება შეიძლება გამოვიყენოთ საქართველოსთვის

ომის ბოლო ცხრა თვე ადასტურებს, რომ უკრაინის არჩეული გზა, რომელიც ითვალისწინებს ნატო-ს სტანდარტულ კრიტერიუმებს ეროვნულ მედეგობასთან დაკავშირებით, ნამდვილად მნიშვნელოვანი და ეფექტიანია, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის საბჭოს – „უკრაინული პრიზმა“ უსაფრთხოების პროგრამის დირექტორმა, ჰანა შელესტიმ განაცხადა.

როგორც ჰანა შელესტიმ აღნიშნა, შეუძლებელია, მზად იყო ნებისმიერი კრიზისისთვის, თუმცა მედეგობა არის საშუალება კრიზისის სწრაფად და მარტივად დაძლევისთის.

„ჩვენთვის ძალიან საინტერესოა, ვიხილოთ, რომელი უკრაინული გამოცდილება შეიძლება გამოვიყენოთ საქართველოსთვის, მედეგობის რომელი ელემენტები ეხმარება რეალურად ომის დროს. ვიმედოვნებთ, რომ დღეს გვექნება შესანიშნავი დისკუსია ორ ასპირანტ ქვეყანას, უკრაინასა და საქართველოს შორის, რათა ვნახოთ, რა საუკეთესო გამოცდილება აქვს უკრაინას, როგორ არის შესაძლებელი, მივიდეთ ამ ქვეყნების შემდგომ ევროატლანტიკურ ინტეგრაციამდე, როგორ შეგვიძლია, გამოვიყენოთ ნატო-ს გამოცდილება უკრაინის, საქართველოსა და ნატო-ს შორის შემდგომი თანამშრომლობისთვის.

ჩვენ გვესმის, რომ შეუძლებელია, მზად იყო ნებისმიერი კრიზისისთვის, თუმცა მედეგობა გვეხმარება, დავძლიოთ ის სწრაფად და მარტივად. საბედნიეროდ, საქართველოში ახლა მშვიდობაა, თუმცა, როდესაც საუბარია კრიზისზე, ეს შეიძლება იყოს ომიც, ომი კი მოულოდნელია, როგორც ეს აჩვენა საქართველოს შემთხვევამაც 2008 წელს. ამავდროულად, ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი სხვა რამ, პანდემიიდან ბუნებრივ კატასტროფებამდე. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია მედეგობის გეგმა და პროტოკოლების ცოდნა, რათა საზოგადოება გააერთიანო ამ კონცეფციის გარშემო და მზად იყო ნებისმიერი გამოწვევისთვის“, – განაცხადა ჰანა შელესტიმ.