„ჰამასის“ თავდასხმიდან სამი წელი გავიდა – პასუხგაუცემელი კითხვები დღემდე არსებობს

16:32, 07.10.2026
რეიმში (სამხრეთ ისრაელი), „ნოვას“ ფესტივალის ჩატარების ადგილზე მოწყობილ მემორიალთან, ორთოდოქსი ებრაელი მამაკაცი პატივს მიაგებს 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ განხორციელებული თავდასხმის დროს დაღუპულთა ხსოვნას. 2026 წლის 6 ოქტომბერი / ფოტოს ავტორი: ილია ეფიმოვიჩი, საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“

რეიმში (სამხრეთ ისრაელი), „ნოვას“ ფესტივალის ჩატარების ადგილზე მოწყობილ მემორიალთან, ორთოდოქსი ებრაელი მამაკაცი პატივს მიაგებს 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ განხორციელებული თავდასხმის დროს დაღუპულთა ხსოვნას. 2026 წლის 6 ოქტომბერი / ფოტოს ავტორი: ილია ეფიმოვიჩი, საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“

2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმიდან სამი წელი გავიდა. სამხრეთ ისრაელში, „ნოვას“ ფესტივალის ჩატარების ადგილას, სადაც ტრაგედია დატრიალდა, დაღუპულთა ახლობლები, მეგობრები და რიგითი მოქალაქეები შეიკრიბნენ, რათა „ჰამასის“ თავდასხმის დროს დაღუპულთა ხსოვნისთვის მიეგოთ პატივი – საბერძნეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის (ERTnews) სპეციალური კორესპონდენტის, გიორგიოს სიდერისის რეპორტაჟი ისრაელიდან.

344 ადამიანი დაიღუპა, როდესაც „ჰამასის“ ბოევიკები ისრაელში, მუსიკალური ფესტივალის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და მის დამსწრე საზოგადოებას დაესხნენ თავს. სამი წლის წინათ, აქ, მუსიკის მოსასმენად შეკრებილი ეს ადამიანები შეიარაღებული დაჯგუფების პირისპირ აღმოჩნდნენ. პარალელურად, თავდასხმა მეზობლად მდებარე კიბუცებზეც განხორციელდა.

მსხვერპლთა ახლობლებმა, მეგობრებმა და რიგითმა მოქალაქეებმა ტრაგედიის ადგილზე შეკრება დილიდანვე დაიწყეს. ისინი წრეზე დგანან, ლოცულობენ და პატივს მიაგებენ დაღუპულებს. ბევრი ერთმანეთს ეხუტება და იხსენებს მოვლენებს, რომლებმაც სამი წლის წინ მათი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.

რეიმში (სამხრეთ ისრაელი), „ნოვას“ ფესტივალის ადგილზე მოწყობილ მემორიალთან, ისრაელელები პატივს მიაგებენ 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ განხორციელებული თავდასხმის დროს დაღუპულთა ხსოვნას. ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმის 3 წლისთავის წინ, არმია საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. მან გააფრთხილა ღაზას მცხოვრებლები, რომ სამხედროებზე თავდასხმის შემთხვევაში, ისინი „მძიმე ფასს“ გადაიხდიან / ფოტოს ავტორი: ილია ეფიმოვიჩი, საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“

წლევანდელი წლისთავი განსაკუთრებით დაძაბულ ატმოსფეროში აღინიშნება. დილიდანვე ღაზის სექტორში პერიოდულად ისმის სროლის ხმა, რეგიონში კი ისრაელის ძალების გადაადგილება ფიქსირდება.

ისვრიან „აპაჩის“ტიპის ვერტმფრენებიდან და თვითმფრინავებიდან, რასაც თან ერთვის „ჰამასის“ სამიზნეებისკენ მიმართული საარტილერიო სროლის ხმები. წინა დღეს, ისრაელის ხელისუფლებამ გააფრთხილა საზოგადოება, რომ 7 ოქტომბრის წლისთავზე „ჰამასს“, შესაძლოა, თავდასხმის განხორციელება ეცადა.

2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს, მასირებული სარაკეტო დარტყმა 4 საათის განმავლობაში გაგრძელდა. გაუშვეს დაახლოებით 3 500 რაკეტა, რა დროსაც „ჰამასის“ შეიარაღებულმა პირებმა საზღვარი გადაკვეთეს და ისრაელის სამხრეთ ნაწილში მდებარე დასახლებებს დაესხნენ თავს.

ამ შეტევიდან სამი წლის შემდეგაც, ერთ-ერთ მთავარ პასუხგაუცემელ კითხვად რჩება, რატომ ვერ შეძლო ისრაელის უსაფრთხოების სისტემამ თავდასხმის თავიდან აცილება და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა. დაღუპულთა ახლობლები დღემდე ცდილობენ გაარკვიონ, რა ინფორმაციას ფლობდნენ ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლები თავდასხმამდე და მიეწოდა თუ არა ის შესაბამის პირებს დროულად.

ბევრს აინტერესებს, როგორ მოხდა, რომ ისრაელის არმიამ და უსაფრთხოების სამსახურებმა ასეთი მასშტაბური თავდასხმის დროს ვერ მოახერხეს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა.

2023 წლის 7 ოქტომბრის წინა პერიოდის საკითხი კვლავ უთანხმოების საგნად რჩება: ვრცელდება ცნობები, რომ გამაფრთხილებელი სიგნალები არსებობდა, თუმცა მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ კონკრეტული გაფრთხილების მიღებას ისრაელის მთავრობა უარყოფს.

რეიმში (სამხრეთ ისრაელი), „ნოვას“ ფესტივალის ადგილზე მოწყობილ მემორიალთან, ისრაელელი ქალი პატივს მიაგებს 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ განხორციელებული თავდასხმის დროს დაღუპულთა ხსოვნას. ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმის 3 წლისთავის წინ, არმია საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. მან გააფრთხილა ღაზას მცხოვრებლები, რომ სამხედროებზე თავდასხმის შემთხვევაში, ისინი „მძიმე ფასს“ გადაიხდიან / ფოტოს ავტორი: ილია ეფიმოვიჩი, საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“

არსებული მონაცემებით, 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმას, საერთო ჯამში, ემსხვერპლა 1 029 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის – 63 ბავშვი და მოზარდი, ხოლო „ჰამასთან“ სამწლიანი ბრძოლების განმავლობაში ისრაელის 1 318 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

ამასთან, თავდასხმისას გაიტაცეს და ღაზას სექტორში გადაიყვანეს 251 ადამიანი. გასულ წელს მოხერხდა მძევლების ნაწილის გათავისუფლება. საერთო ჯამში, ტყვეობიდან 154 ადამიანი დაბრუნდა ცოცხალი.

სტატიის ავტორი: საბერძნეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების სამსახური (ERT News)

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 7 ოქტომბერი, 2026 წელი, 06:12 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი