„ჰამასის“ მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ იაჰია სინვარის ლიკვიდაცია დაჯგუფების დასასრულს არ ნიშნავს

15:45, 18.10.2024

„ჰამასის“ მაღალჩინოსნის, ბასემ ნაიმის განცხადებით, დაჯგუფების ლიდერების დაღუპვა „მოძრაობის დასასრული არ არის“.

„როგორც ჩანს, ისრაელს სჯერა, რომ ჩვენი ლიდერების მოკვლა ჩვენი მოძრაობისა და პალესტინელი ხალხის ბრძოლის დასასრულს ნიშნავს“, – განაცხადა ბასემ ნაიმმა.

მან აღნიშნა, რომ პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ისრაელი მსგავს განცხადებას აკეთებს.

მისივე თქმით, „ჰამასი“ არის განმათავისუფლებელი მოძრაობა, „რომლის ლიკვიდაციაც შეუძლებელია“.

ნაიმის განცხადებით, დაჯგუფება მიიჩნევს, მათი ბედი არის „ან გამარჯვება, ან მოწამეობა“.

„დიახ, ძალიან მტკივნეულია და დამთრგუნველია საყვარელი ადამიანების დაკარგვა, განსაკუთრებით ისეთი გამორჩეული ლიდერების, როგორებიც ჩვენ გვყავს, თუმცა დარწმუნებული ვართ, რომ საბოლოოდ გავიმარჯვებთ“, – განაცხადა ნაიმმა.

ცნობისთვის, „ჰამასის“ ლიდერი იაჰია სინვარი ისრაელელმა სამხედროებმა 17 ოქტომბერს მოკლეს. ისრაელის პოლიციაში განაცხადეს, რომ ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა და სინვარი თითის ანაბეჭდებით ამოიცნეს. როგორც ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა აღნიშნა, მისი მკვლელობა ისრაელისთვის დიდი სამხედრო და მორალური მიღწევაა.

მსგავსი