ჰაკან ფიდანი - თურქეთი მზადაა, უმასპინძლოს უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკებებს
ჰაკან ფიდანი - თურქეთი მზადაა, უმასპინძლოს უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკებებს

თურქეთი მზადაა, უმასპინძლოს უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკებებს, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ჰაკან ფიდანის თქმით, ანკარა აფასებს აშშ-ის ინიციატივას მშვიდობის შესახებ, როგორც „შედეგზე ორიენტირებულ“ მიდგომას, მაგრამ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებში ორივე მხარე უნდა მონაწილეობდეს.

„ჩვენ მზად ვართ, გავუწიოთ ყველანაირი სახის დახმარება, რათა მშვიდობას მივაღწიოთ მოლაპარაკებების გზით. ჩვენ მზად ვართ, ვუმასპინძლოთ ამ მოლაპარაკებებს, როგორც ეს უკვე გავაკეთეთ“, – განაცხადა ფიდანმა.

ომის დასასრულებლად უკრაინის მიერ აშშ-ისა და დასავლელი პარტნიორებისგან მოთხოვნილი უსაფრთხოების გარანტიების შესახებ კითხვაზე ფიდანმა თქვა, რომ ანკარა, „პრინციპში, მზადაა, გადადგას ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს მშვიდობას“.

ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთის პოზიცია ომის დასასრულებლად საჭირო პირობების შესახებ არ შეცვლილა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების მცდელობაზე უარის თქმა მოლაპარაკებას არ ექვემდებარება.