ჰაკან ფიდანი – მჯერა, ძალიან სასარგებლო იქნება, თუ თურქეთის შუამავლობით რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ სტამბოლში მიმდინარე მოლაპარაკებები იმავე ჩარჩოში გაგრძელდება
მჯერა, ძალიან სასარგებლო იქნება, თუ თურქეთის შუამავლობით რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ სტამბოლში მიმდინარე მოლაპარაკებები იმავე ჩარჩოში გაგრძელდება, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა კიევში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგასთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, თურქეთი კონფლიქტში არსებული ჩიხიდან გამოსასვლელად ახალ სტრატეგიულ მიდგომებს იკვლევს და მიიჩნევს, რომ საომარი მოქმედებების მიუხედავად, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს.
ფიდანმა ასევე განაცხადა, რომ კონფლიქტის გავრცელების რისკი კვლავ მაღალია.
„ჩვენ არ გვინდა, რომ ომი შავ ზღვაში გადმოვიდეს. შავ ზღვაში პორტების, ტანკერების და სათევზაო ნავების მიზანში ამოღება და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენება არ შეიძლება გამართლებული იყოს. შავ ზღვაში ნავიგაციის თავისუფლება და კომერციული უსაფრთხოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს საკითხი რუსულ მხარესთან განვიხილე მოსკოვში ვიზიტის დროს და ასევე ჩემს პატივცემულ კოლეგასთან უკრაინაში. ეს მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენთვის და შავი ზღვის ყველა ქვეყნისთვის“,- განაცხადა ფიდანმა.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თურქეთის მთავარი მიზანი ომის დასრულებაა.