ჰაკა მარადონას ხსოვნას მიეძღვნა - არგენტინასთან მატჩში ახალი ზელანდიის ნაკრებმა ლეგენდარულ ფეხბურთელს პატივი მიაგო (ვიდეო)
სამი ერის გათამაშების მეხუთე ტურში „ოლ ბლექსი“ არგენტინას ესტუმრა და დამაჯერებელი ანგარიშით – 0:38 გაიმარჯვა.
მატჩის დაწყებამდე ახალი ზელანდიის ნაკრებმა ტრადიციული ჰაკა შეასრულა, მაგრამ, ამჯერად „ოლ ბლექსის“ მორაგბეთა საბრძოლო ყიჟინა გენიალური არგენტინელი ფეხბურთელის, დიეგო არმანდო მარადონას ხსოვნას მიეძღვნა.
ახალი ზელანდიის მორაგბეებმა მოედანზე შავი ფერის მაისური გამოიტანეს, რომელსაც „10“ ნომერი ეწერა და სიმბოლურად გამოსახავდა გლოვას, მარადონას მაისურის ნომერსა და თავად „ოლ ბლექსის“ ეროვნული ნაკრების ფერს.
შეგახსენებთ, რომ წინა შეხვედრაში არგენტინელებმა „ახალი ზელანდიის“ ნაკრები დაამარცხეს, რაც რაგბის სამყაროში ბოლო პერიოდის ერთ-ერთ მთავარ სენსაციად მოინათლა.