ჰაიტიზე ძლიერი მიწისძვრის შედეგად, 29 ადამიანი დაიღუპა
ჰაიტიზე ძლიერი მიწისძვრის შედეგად, 29 ადამიანი დაიღუპა

ჰაიტიზე ძლიერი მიწისძვრის შედეგად, 29 ადამიანი გარდაიცვალა. როგორც ჰაიტის პრემიერ-მინისტრმა, არიელ ანრიმ განაცხადა, უკვე გასცა განკარგულება, რათა ხელისუფლებამ ხელთ არსებული ყველა რესურსი დაზარალებულების დასახმარებლად მიმართოს.

მიწისძვრის სიმძლავრე 7,2 მაგნიტუდას შეადგენდა. სტიქიის ეპიცენტრი ჰაიტის დედაქალაქიდან 125 კილომეტრში მდებარეობდა.

ჰაიტის საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში გაგზავნილია სამაშველო ჯგუფები.

სტიქიის გამო, ჰაიტის პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში ერთი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მისივე თქმით, ის არ მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას დახმარების მოთხოვნით, ვიდრე ზარალი სრულად არ იქნება შეფასებული.

სტიქიის შემდეგ სოციალური მედიით გავრცელდა ვიდეოები, სადაც შენობების ნგრევა და ხალხის პანიკაა ასახული.

აღსანიშნავია, რომ ჰაიტიზე მიწისძვრა მაშინ მოხდა, როდესაც ქვეყანას ტროპიკული შტორმი გრეისი უახლოვდება. სინოპტიკოსების ცნობით, ის ჰაიტის სამშაბათს უნდა დაატყდეს თავს.

დატოვე კომენტარი