ჰაიკო მაასი - ხიდი, რომლის აშენებაც საქართველოსთან გვინდა, არის ევროპული ხიდი
ჰაიკო მაასი - ხიდი, რომლის აშენებაც საქართველოსთან გვინდა, არის ევროპული ხიდი

ხიდი, რომლის აშენებაც საქართველოსთან გვინდა, არის ევროპული ხიდი, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს ხიდი ღირებულებებზე, დემოკრატიაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე, უმცირესობების მიმართ პატივისცემასა და მეზობლებთან მშვიდობიან ცხოვრებაზეა დაფუძნებული.

„ვიზალიბერალიზაციას საკვანძო მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ ადამიანები ერთმანეთს შეხვდნენ, გაცვლა- გამოცვლა მოხდეს და გავიცნოთ ერთმანეთი. მე იმედს ახალგაზრდა თაობაზე ვამყარებ. დღესდღეობით ჩემს კოლეგებთან ერთად გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში ვმუშაობ აღმოსავლელი პარტნიორების მიმართ ახალ პოლიტიკაზე. ეს ახალი პოლიტიკა არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ეს ახალი პოლიტიკა არ ნიშნავს იმას, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის რომელიმე ქვეყანამ უნდა ჩაკეტოს ხიდი ტრადიციულ, ხშირშემთხვევაში, რთულ მეზობელთან.

ჩვენ ახალი პარტნიორობით ახალი ხიდების შენება გვინდა, რომელზეც ბევრი ადამიანი გაივლის. ხიდი, რომლის აშენებაც ჩვენ საქართველოსთან გვინდა, არის ევროპული ხიდი. ეს არის ხიდი, რომელიც ღირებულებებზე, დემოკრატიაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე, უმცირესობების მიმართ პატივისცემაზე, პრინციპზე “კეთილდღეობა ბევრს” და მეზობლებთან მშვიდობიან ცხოვრებაზეა დაფუძნებული. ჩვენ ევროკავშირში ყოველთვის დავიცავთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ შევეგუებით დღევანდელ ვითარებას“, – განაცხადა ჰაიკო მაასმა.