ჰაიკო მაასი - გერმანიამ პირველმა აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და საელჩო გახსნა თბილისში, ჩვენი მეგობრობა წარმატების ისტორიაა
ჰაიკო მაასი - გერმანიამ პირველმა აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და საელჩო გახსნა თბილისში, ჩვენი მეგობრობა წარმატების ისტორიაა

ჩვენი პარტნიორობა და მეგობრობა წარმატების ისტორიაა, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჰაიკო მაასის თქმით, მიმდინარე წელი საქართველოსთვის განსაკუთრებულია.

„თქვენ აღნიშნავთ დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს. მინდა, გულითადად მოგილოცოთ ეს დღესასწაული. 1992 წლის აპრილში გერმანიამ პირველმა აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და პირველი საელჩო თბილისში გერმანიამ გახსნა. ჩვენი პარტნიორობა და მეგობრობა წარმატების ისტორიაა“, – აღნიშნა ჰაიკო მაასმა.

მისივე თქმით, გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების კურსს.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი ამ გზაზე ის ფაქტი გახლდათ, რომ გასული წლის გაზაფხულიდან ყველა ქართველს აქვს შესაძლებლობა, უვიზოდ იმოგზაუროს ევროკავშირის ქვეყნებში. თქვენ საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმების ტემპი აიღეთ და ამ თვალსაზრით საქართველო რეგიონში წამყვანი ქვეყანაა. ამ პროცესში გერმანია მომავალშიც მხარს დაგიჭერთ“, – დასძინა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.