ჰაიკო მაასი - გერმანია აღმოსავლეთ ევროპის მიმართ ახალ პოლიტიკას უჭერს მხარს
ჰაიკო მაასი - გერმანია აღმოსავლეთ ევროპის მიმართ ახალ პოლიტიკას უჭერს მხარს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, გერმანია აღმოსავლეთ ევროპის მიმართ ახალ პოლიტიკას უჭერს მხარს. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმადოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, გერმანიას „შეუძლია, გახდეს დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის დამაკავშირებელი ხიდი, რათა ევროკავშირის ზოგიერთი წევრი არ თვლიდეს, რომ ის „მეორეხარისხოვანია“.

ინტერვიუში გერმანელმა დიპლომატმა თქვა, რომ ევროპაში არის ბევრი სახელმწიფო, რომელთა უსაფრთხოების პოლიტიკა დასავლეთ ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებულია. მაასმა ახსენა ბალტიისპირეთის ქვეყნები და პოლონეთი, რომლებიც გერმანელი დიპლომატის თქმით, გრძნობენ, რომ მათ უსაფრთხოებას ემუქრებიან.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა უნგრეთსა და პოლონეთზე, რომელთაც ევროკავშირის ნორმების დარღვევაში ადანაშაულებენ და თქვა, რომ კანონის უზენაესობა ევროკავშირის მთავარი პრინციპია. მისივე თქმით, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში გერმანია დაიწყებს დისკუსიას, რათა ევროკავშირისგან დაფინანსების მიღება უფრო მეტად იყოს დამოკიდებული კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვაზე.

ინტერვიუში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერლინის და ვაშინგტონის ურთიერთობებს „რთული“ უწოდა, თუმცა დაამატა, რომ აშშ-სა და ევროპას საერთო ღირებულებები აკავშირებს. მაასის თქმით, სავარაუდოდ აშშ ევროპის „ფარი“ აღარ იქნება და ევროკავშირს საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვა უფრო მეტად მოუწევს.

„მე არ მსურს, რომ ევროპა სამხედრო თვალსაზრისით დამოუკიდებელი იყოს. მე მსურს, რომ ჩვენ, როგორც ნატო-ს მოკავშირეებმა, აშშ-სთან ერთად დავიცვათ ჩვენი ინტერესები“, – განაცხადა ჰაიკო მაასმა.

შეგახსენებთ, რომ გერმანია ევროკავშრის საბჭოს თავმჯდომარე პირველ ივლისს გახდება.