„ჰაიდენჰაიმმა“, სადაც ბუდუ ზივზივაძე თამაშობს, მოსამზადებელ ეტაპზე მორიგი საკონტროლო შეხვედრა „ინგოლშტადტთან“ გამართა და 3:2 მოიგო, მაგრამ ქართველი თავდამსხმელი მოედანზე არ გასულა.
„ჰაიდენჰაიმი“ მესამე დივიზიონის გუნდთან შესახვედრად ინგოლშტადტში გაემგზავრა და ორი 60-წუთიანი ტაიმი ჩაატარა. ბუნდესლიგელებმა დაძაბული თამაში მაქსიმილიან ბრეუნიგის, მაქსიმილიან ვოგელისა და იანიკ ვაგნერის გოლებით მოიგეს.
„ჰაიდენჰაიმის“ მთავარმა მწვრთნელმა, ფრანკ შმიდტმა შესვენების შემდეგ ათი ფეხბურთელი შეცვალა, მაგრამ ბუდუ ზივზივაძე მოედანზე არ გასულა. როგორც მატჩის შემდეგ მწვრთნელმა განაცხადა, შეხვედრა ახალგაზრდა მოთამაშეებზე დასაკვირვებლად გამოიყენა.
„ჰაიდენჰაიმი“ კიდევ ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს – 2 აგვისტოს „სტრასბურგს“ უმასპინძლებს, 9-ში კი – „პარმას“, ხოლო ახალ სეზონს 16 აგვისტოს გერმანიის თასზე „ბალინგერთან“ მატჩით გახსნის.