ჰააგის სასამართლოში საქართველოდან წარსადგენი მოსამართლეობის მსურველთა საბუთების მიღების ვადა გახანგრძლივდა
ჰააგის სასამართლოში საქართველოდან წარსადგენი მოსამართლეობის მსურველთა საბუთების მიღების ვადა გახანგრძლივდა

ჰააგის სასამართლოში საქართველოდან წარსადგენი მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის მიზნით, საბუთების მიღების ვადა გახანგრძლივდა. იუსტიციის სასწავლო ცენტრი განაცხადებს 2020 წლის 20 თებერვლის ჩათვლით მიიღებს.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, იუსტიციის სასწავლო ცენტრში განაცხადების მიღება 2020 წლის 03 თებერვლიდან – 13 თებერვლის ჩათვლით მიმდინარეობდა. განაცხადების მიღების ვადა გაგრძელდა, რათა მაქსიმალურად ბევრმა კანდიდატმა შეძლოს კონკურსში მონაწილეობის მიღება.

„2020 წლის 20 თებერვლის ჩათვლით განაცხადების გამოგზავნა შესაძლებელია ელექტრონულ მისამართზე: [email protected] მსურველები დოკუმენტაციის გამოსაგზავნად და დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: http://tcj.gov.ge/ka/news/526/

როგორც ცნობილია, 2020 წლის 30 იანვარს საქართველოს მთავრობამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში საქართველოდან წარსადგენი მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის წესი დაამტკიცა. მთავრობის გადაწყვეტილებით, იუსტიციის სასწავლო ცენტრი აწარმოებს პროფესიული ტესტირების ადმინისტრირებას, რომელიც კანდიდატებმა ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე უნდა წერონ. ტესტირების დავალებას შეადგენენ და კანდიდატის ნაწერს 10- ბალიანი სისტემით შეაფასებენ სპეციალურად ამ მიზნით მოწვეული უცხოელი კონსულტანტები, რომლებსაც აქვთ ჰააგის სასამართლოს სისტემაში უმაღლეს პოზიციებზე მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება.

იუსტიციის სასწავლო ცენტრი წერითი ტესტირების შედეგების მიხედვით გამოკვეთილ არაუმეტეს ხუთ საუკეთესო კანდიდატს საქართველოს მთავრობას წარუდგენს (ამისათვის ტესტირებაში კანდიდატმა მინიმუმ 6 ქულა მაინც უნდა მიიღოს), რის შემდეგაც მთავრობა არაუმეტეს 2 საუკეთესო კანდიდატს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. პარლამენტი კანდიდატს/კანდიდატებს მოუსმენს და კენჭს უყრის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის არჩევისთვის დადგენილი მოსმენისა და კენჭისყრის პროცედურით − სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით“, – აცხადებენ სამინისტროში.

ექვსი ახალი მოსამართლე ჰააგის სასამართლოში 2020 წლის დეკემბერში მე-19 ასამბლეაზე უნდა შეირჩეს. მათ შორის, ერთი მოსამართლე აირჩევა აღმოსავლეთ ევროპიდან (ამ რეგიონიდან არჩეულ ჩეხ მოსამართლეს ვადა ეწურება). საქართველო სწორედ აღნიშნულ პოზიციაზე წარადგენს კანდიდატს. ჰააგის მოსამართლეობის კანდიდატის წარდგენის ვადაა 2020 წლის 6 იანვრიდან 2020 წლის 30 მარტამდე პერიოდი.

დატოვე კომენტარი