ჰააგის სასამართლოში ფატუ ბენსუდას ბრიტანელი კარიმ ხანი შეცვლის
ჰააგის სასამართლოში ფატუ ბენსუდას ბრიტანელი კარიმ ხანი შეცვლის

ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მთავარ პროკურორად ბრიტანელი კარიმ ხანი აირჩიეს.

კარიმ ხანი აღნიშნულ თანამდებობაზე გამბიელ ფატუ ბენსუდას შეცვლის.

კარიმ ხანი კენჭისყრის მეორე ტურში აირჩიეს. სასამართლოს წევრი 122 ქვეყნიდან 72-მა დაუჭირა მას მხარი. ბრიტანელი იურისტი და დიპლომატი ამჟამად ხელმძღვანელობს გაერო-ს საგამოძიებო ჯგუფს, რომელიც ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრების მიერ ჩადენილ დანაშაულებებს იძიებს.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორი სხვა საქმეებთან ერთად ამჟამად იძიებს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით შესაძლო სამხედრო დანაშაულებს.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჰააგის სასამართლოს ყოფილ პროკურორ ფატუ ბენსუდას სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ კი ფატუ ბენსუდას კორუფციასა და მიკერძოებულობაში დასდო ბრალი. ამის მიზეზი იყო პროკურორის მიერ ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების შესაძლო დანაშაულებების გამოძიება, რომლის წინააღმდეგაც ვაშინგტონი გამოდიოდა.