ჰააგის სასამართლო საქმეზე უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ გადაწყვეტილებას 16 მარტს გამოიტანს
ჰააგაში მდებარე გაერო-ს საერთაშორისო სასამართლო საქმეზე უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ გადაწყვეტილებას ოთხშაბათს, 16 მარტს გამოიტანს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი 24 თებერვალს, ინტერვენციის დაწყებიდან მალევე შეიტანა. კიევი მოსკოვს ინტერვენციის საბაბის შესაქმნელად ცრუ ბრალდებების გამოყენებაში ადანაშაულებს. კერძოდ, საუბარია რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში გენოციდის შესახებ ცრუ ბრალდებებზე, რაც რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმის საბაბად გამოაცხადა.
რუსეთის წარმომადგენლები 7 მარტს გამართულ წინასასამართლო მოსმენას არ დასწრებიან.
ამას გარდა, უკრაინაში სამხედრო დანაშაულების დასადგენად გამოძიება აქვს დაწყებული სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსაც.