გზების დეპარტამენტში იმედოვნებენ, რომ ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაცია გაზაფხულიდან გააქტიურდება
გზების დეპარტამენტში იმედოვნებენ, რომ ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაცია გაზაფხულიდან გააქტიურდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტში იმედოვნებენ, რომ ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაცია გაზაფხულიდან გააქტიურდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს უწყების ხელმძღვანელმა, ირაკლი ქარსელაძემ განუცხადა.

„ამჟამად ხულო-ზარზმის მონაკვეთზე კლიმატური პირობების გამო, შეუძლებელია რამე სამუშაოების წარმოება. თუმცა, პროგრესი აღნიშნულ მონაკვეთზე უკიდურესად სუსტია. შესაბამისი ხელშეკრულების ფარგლებში, ორივე ლოტზე, გამოსწორებასთან დაკავშირებით შეტყობინებები კომპანიასთან გაიგზავნა, რაც მათ აუცილებლად მყისიერად უნდა გამოასწორონ, როგორც კი კლიმატური პირობების გათვალისწინებით ამის შესაძლებლობა ექნებათ“, – აღნიშნა ქარსელაძემ.

საუბარია იტალიურ კომპანია „ტოდინი“-ზე, რომელსაც ავტობანის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთიც უნდა აეშენებინა, თუმცა სამუშაო ვერ შეასრულა და მასთან ხელშეკრულება შეწყდა. ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე ხელშეკრულება 2019 წელს შეწყდა, რა დროისთვისაც ხულო-ზარზმას მონაკვეთზე ტენდერი უკვე ჩატარებული და ხელშეკრულება გაფორმებული იყო.