გზა, რომელიც სენსაციის ავტორმა, „ლოკომოტივი 2-მა“ საქართველოს თასის ფინალამდე გაიარა [ვიდეო] #1TVSPORT
თბილისის „ლოკომოტივი 2“ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასზე დიდი სენსაციის ავტორი გახდა – ლაშა ჭაღიაშვილის გუნდი ლიგა 4-ის მონაწილე პირველია, რომელმაც ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
„ლოკომოტივი 2“ ნახევარფინალში თასის მოქმედ გამარჯვებულს, „საბურთალოს“ დაუპირისპირდა და უგოლოდ დასრულებული ძირითადი და დამატებული დროის შემდეგ, თამაში პენალტების სერიამდე მიიყვანა, რომელიც უკეთ შეასრულა 7:6.
გუნდმა თასზე გამოსვლა წინასწარი ეტაპიდან დაიწყო და 7 ივლისს „ვარკეთილი II“ 3:1 დაამარცხა. შემდეგ ძლიერი მეტოქე შეხვდა – ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი წყალტუბოს „სამგურალი“ 7 აგვისტოს საბა კიკნაძის პენალტით (მე-16 წუთი) დაამარცხა.
13 სექტემბერს „ლოკომოტივი 2“ 1/8-ფინალში ისევ ეროვნული ლიგის გუნდს, „თელავს“ შეხვდა. ძირითადი დრო 1:1 დაასრულა. გოლი 55-ე წუთზე რევაზ ხინჩიაშვილმა გაიტანა. მაშინ პირველად მივიდა საქმე პენალტების სერიამდე, რომელიც ჭაღიაშვილის გუნდმა 4:2 მოიგო.
თასის 1/4-ფინალში თბილისელებს შედარებით გაუმართლათ, რადგან წილისყრამ ლიგა 3-ის ლანჩხუთის „გურიასთან“ დააწყვილა და 12 ოქტომბერს გამართული მატჩი 90+5-ე წუთზე რევაზ ხინჩიაშვილის შესრულებული პენალტით 1:0 მოიგეს.
აღსანიშნავია, რომ „ლოკომოტივი 2-ს“ პირველ გუნდზე უფრო წარმატებული სეზონი ჰქონდა. მთავარი „ლოკომოტივი“ ეროვნული ლიგიდან გავარდა და თასის გათამაშებასაც ნაადრევად დაემშვიდობა, „ლოკომოტივი 2-მა კი ფინალამდე გააღწია.
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალში „ლოკომოტივი 2“ ქუთაისის „ტორპედოს“ დაუპირისპირდება. მატჩი ბათუმის ახალ სტადიონზე გაიმართება.