გზა პრემიერლიგამდე - „დინამოს“ ყოფილმა მწვრთნელმა „უოტფორდი“ ინგლისის ელიტაში დააბრუნა #1TVSPORT
ინგლისის პრემიერშიფის 44-ე ტურში „უოტფორდმა“ საშინაო არენაზე „მილუოლი“ 1:0 დაამარცხა და გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე ინგლისის პრემიერლიგის საგზური მოიპოვა – ასეთი ტრიუმფალური გამოდგა „დინამო თბილისის“ ყოფილი ლიდერისა და მწვრთნელის, ჩისკო მუნიოსის სამწვრთნელო დებიუტი ინგლისურ ფეხბურთში.
ჩისკომ „დინამო თბილისში“ 2020 წელს საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა და დეკემბერში „უოტფორდი“ ჩაიბარა. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ქართველებისთვის ახლობელი ესპანელი მწვრთნელი ასეთ წარმატებებს მიაღწევდა. კლუბის ადმინისტრაციას ინგლისური მედიაც დასცინოდა, მწვრთნელი საქართველოდან როგორ ჩამოიყვანეთო.
ეს სკეპტიციზმი კიდევ უფრო გაძლიერდა თებერვლის დასაწყისში ჩატარებული ორი წარუმატებელი მატჩის შემდეგ. მაგრამ ჩისკოს ხელში „უოტფორდმა“ საოცრება შეძლო – 16 თამაშიდან 13 მოიგო, მეხუთედან მეორე ადგილზე დაწინაურდა და გუნდი შესანიშნავი სერიით ელიტარულ პრემიერლიგაში დააბრუნა.
„პრემიერლიგაში დაწინაურება სეზონში ერთადერთი მიზანი იყო. მაგრამ ეს მიაღწია ჩისკო მუნიოსმა, რაც დიდხანს დარჩება მეხსიერებაში“, – წერია „უოტფორდის“ ოფიციალურ გვერდზე.