გვატემალური გამოცემა - ოსკარ სანტისი „დინამოს“ თურქეთში შეუერთდება #1TVSPORT
გვატემალური გამოცემა - ოსკარ სანტისი „დინამოს“ თურქეთში შეუერთდება #1TVSPORT

გვატემალის ეროვნული ნაკრების და კლუბ „ანტიგუას“ შემტევი ნახევარმცველის, ოსკარ სანტისის „დინამო თბილისში“ შესაძლო ტრანსფერს ამ ქვეყანაში დიდი რეაქცია მოჰყვა და ადგილობრივი მედია ამას მოთამაშის დიდი წარმატებად აფასებს.

საქმე ისაა, რომ გვატემალელები უცხოელთა ინტერესით განებივრებულები არ არიან, ცოტა ლეგიონერი ჰყავთ და მედია ოსკარ სანტისის ევროპაში გადასვლას ქვეყნის ფეხბურთისთვის ლამის მოვლენად აფასებს. თავად ფეხბურთელმა მედიასთან დაადასტურა, საზღვარგარეთ სათამაშოდ წასვლის შესაძლებლობა გააჩნია. ამის შესახებ გამოცემა prensalibre იუწყება.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, „დინამოს“ ახალი ლეგიონერი გვატემალიდან ოსკარ სანტისი თბილისურ კლუბს ორწლიანი კონტრაქტზე შეუთანხმდა. ჟურნალისტ ხუან კარლოს გალვესის ცნობით, ფეხბურთელს ჰქონდა შესაძლებლობა, კარიერა გაეგრძელებინა რუსეთში, ისრაელში, უზბეკეთში, ყატარში, იაპონიაში, ახალი ზელანდიაში, კოლუმბიაში, კვიპროსში.

„ოსკარ სანტისი შემდეგი გვატემალელი ლეგიონერი გახდება. ოსკარ სანტისმა საზღვარგარეთ თამაშის შესაძლებლობა მედიასთან განცხადებებში დაადასტურა და აღნიშნა, რომ სატრანსფერო „ბაზარი“ ათ დღეში დაიხურება. სანტისი ორშაბათს, 22 იანვარს თურქეთში გაემგზავრება (ქვეყანა, სადაც მისი ახალი კლუბი წინასასეზონო შეკრებას ატარებს) და კონტრაქტზე ხელმოწერის შემდეგ საქართველოს ვიცე-ჩემპიონს, „დინამო თბილისს“ შეუერთდება“, – წერს გამოცემა prensalibre.

გამოცემამ გამოაქვეყნა „ანტიგუას“ მწვრთნელის, დუაიტ პეზაროსის კომენტარი, რომელიც მან პრესკონფერენციაზე გააკეთა:

„ამჟამად ტრანსფერის ოფიციალური დადასტურება არ შეგვიძლია, მაგრამ ეს რეალურია. ჩვენთვის და გვატემალის ფეხბურთისთვის ოსკარი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა. რა თქმა უნდა, მისი არყოფნა დაგვეტყობა. თუმცა, კლუბს სურს, რომ გვატემალის ფეხბურთს უცხოეთში მეტი მოთამაშე წარმოადგენდეს. ფეხბურთელის საზღვარგარეთ წასვლა ყოველთვის სასიამოვნოა. პირადად მე ოსკარის შანსი მახარებს და წარმატებებს ვუსურვებ, რადგან ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა როგორც მისთვის, ასევე გვატემალის ფეხბურთისთვის“.

„დინამოს“ შემოთავაზებაზე მედიასთან თავად ოსკარ სანტისმაც ისაუბრა. თუმცა, კონკრეტული დეტალების გამჟღავნებას მოერიდა:

„სატრანსფერო „ბაზარი“ ათ დღეში იხურება, ამიტომ შესაძლებლობა უნდა გამოვიყენო. როდესაც შემოთავაზება საზღვარგარეთიდანაა, მშვიდად უნდა განიხილო და საუკეთესო ვარიანტი შეარჩიო. მადლობელი ვარ კლუბისა და პრეზიდენტის, რომლებმაც ჩემი სურვილი გაითვალისწინეს. ეს არის ის პოზიცია, რაც ფეხბურთელებს სჭირდებათ. სამწვრთნელო შტაბმაც გამოხატა მხარდაჭერა და იმედი მაქვს, მოლაპარაკება წარმატებით და მალე დასრულდება“.