გვარდიოლამ და სოლსკიაერმა გულშემატკივრების საქციელი დაგმეს
გვარდიოლამ და სოლსკიაერმა გულშემატკივრების საქციელი დაგმეს

პეპ გვარდიოლამ და ოლე გუნარ სოლსკიაერმა მანჩესტერული დერბის დროს გულშემატკივრების საქციელი მკაცრად დაგმეს. სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ  „მანჩესტერ სიტის“ ქომაგები შეურაცხმყოფელ ჟესტებს აჩვენებენ „იუნაიტედის“ გულშემატკივრებს, მათ შორის, ხელების ქნევით, ფრენას განასახიარებდნენ, რაც 1958 წელს მიუნხენში მომხდარ ავიაკატასტროფაზე მინიშნება იყო. შეგახსენებთ, რომ იმ ტრაგედიას „იუნაიტედის“ რვა ფეხბურთელი ემსხვერპლა.

ვალში არც „იუნაიტედის“ გულშემატკივრები დარჩნენ და მატჩის დასრულების შემდეგ მეტოქე გუნდის ფანებს სკამები ესროლეს.

„არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის მოსაწონი“, – განაცხადა გვარდიოლამ მატჩის შემდეგ.

„სიტი“ და „იუნაიტედი“ ერთმანეთს კარაბაოს თასის ნახევარფინალში ხვდებოდნენ. პირველი მატჩი, რომელიც „ოლდ ტრაფორდზე“ გაიმართა, „სიტის“ გამარჯვებით, 1-3 დასრულდა, განმეორებითი შეხვედრა კი „იუნაიტედმა“ 0-1 მოიგო და ორი მატჩის ჯამში ფინალში „სიტი“ გავიდა.

„პეპს მთლიანად ვეთანხმები“, – განაცხადა სოლსკიაერმა. – „ფეხბურთი არის თამაში, რომლისგანაც სიამოვნება უნდა მივიღოთ“.

კარაბაოს თასის ფინალში „მანჩესტერ სიტი“ „ასტონ ვილას“ შეხვდება, რომელმაც ნახევარფინალში „ლესტერ სიტი“ ორი მატჩის ჯამში 3-2 დაამარცხა.

ფინალური მატჩი 1 მარტს გაიმართება.

დატოვე კომენტარი