გვალვამ დუნაის ფსკერზე მეორე მსოფლიო ომის დროს ჩაძირული გემები გამოაჩინა
სერბეთის ქალაქ აპატინთან ნავმისადგომში მყოფი ნავები, მდინარე დუნაიში წყლის დაბალი დონის გამო, 2026 წლის 4 აგვისტოს ხმელეთზე აღმოჩნდნენ
მდინარე დუნაიში წყლის დონე, გვალვის გამო, იმ დონემდე დაეცა, რომ მეორე მსოფლიო ომისდროინდელი გერმანული სამხედრო ხომალდების ნარჩენები გამოჩნდა.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეითიდ პრესი“ იუწყება.
სერბეთის პორტ პრახოვოსთან, წყლის დაბალი დონის გამო, ნაცისტური ხომალდის დაჟანგული კორპუსი და გატეხილი ანძა გამოჩნდა.
ეს ხომალდები, რომელთაგან ზოგიერთზე საბრძოლო მასალა ისევ არის შემორჩენილი, ნაცისტური გერმანიის შავი ზღვის ფლოტს ეკუთვნოდა. ომის მიწურულს, როდესაც საბჭოთა ჯარები ევროპის სიღრმეში მიიწევდნენ, გერმანელებმა, რუმინეთიდან უკან დახევისას, ისინი განზრახ ჩაძირეს.
ისტორიკოსების ცნობით, 1944 წლის სექტემბერში, პრახოვოსთან ახლოს, დუნაის ხეობაში, 200-მდე გერმანული სამხედრო ხომალდი ჩაიძირა, რომლებიც საბჭოთა ჯარების ცეცხლის ქვეშ აღმოჩნდნენ. შეგნებულად ჩატარებული ამ ოპერაციის მიზანი ბალკანეთში საბჭოთა ჯარების წინსვლის შეფერხება იყო, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ, 1945 წლის მაისში, ნაცისტური გერმანიას მაინც მოუხდა კაპიტულაციის გამოცხადება.
სერბეთის მთავრობა, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ამ პრობლემის მოგვარებას გარკვეული ხანია ცდილობს. ზოგიერთი ხომალდი მდინარიდან ჯერ კიდევ კომუნისტური იუგოსლავიის დროს ამოიღეს, თუმცა უმეტესობა, მათზე არსებული ფეთქებადი ტვირთის გამო, დღემდე წყალშია დარჩენილი.