გურჯაანში აქციაზე ქალი შეუძლოდ გახდა
გურჯაანში აქციაზე ქალი შეუძლოდ გახდა

გურჯაანში აქციაზე, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პოლიციის კორდონის გარღვევას და თელავის მიმართულებით გადაადგილებას ცდილობენ, ქალი შეუძლოდ გახდა.

სამართალდამცველებს საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით, თელავის მიმართულებით გზა გადაკეტილი აქვთ და აქციის მონაწილეებს თელავში ჩასვლა ყვარლის გავლით შესთავაზეს, რაზეც მათგან უარი მიიღეს. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ცოტა ხნის წინ პოლიციის კორდონის გარღვევა ავტომობილებით სცადეს. ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სამართალდამცველების ავტობუსს ქვები დაუშინეს. შედეგად, ავტობუსის მინა ჩაიმსხვრა.

სოფელ ველისციხესთან აქციის მონაწილეები თელავის მიმართულებით გადაადგილებას ითხოვენ.

ადგილზე იმყოფებიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, ასევე გიორგი ვაშაძე და ნიკა მელია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ კახეთის მიმართულებით და ქალაქ თელავში საავტომობილო გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდებოდა.