გურჯაანში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ყურძნის ჩაბარებაში შექმნილი პრობლემების გამო მევენახეებს შეხვდნენ
გურჯაანში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ყურძნის ჩაბარებაში შექმნილი პრობლემების გამო მევენახეებს შეხვდნენ

გურჯაანის სამი სოფლის მოსახლეობას, რომელმაც სოფელ ზეგაანის ცენტრში დილით საპროტესტო აქცია გამართა და ყურძენზე ფასის გაზრდა და ქარხნების დროული გახსნა მოითხოვა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გურჯაანის მერიაში შეხვდნენ.

შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან მეხუზლა, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში ირაკლი ქადაგიშვილი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი.

როგორც სოლომონ პავლიაშვილმა განაცხადა, ხელისუფლება ყურძნის ფასის რეგულირებაში ვერ ჩაერევა და ყურძენზე არსებული ღირებულება თავისუფალი ბაზარი არეგულირებს.

„სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ არც ერთი გრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩეს. შექმნილია, სახელმწიფო კომპანია, რომელსაც აქვს საშუალება, ნებისმიერი სახისა და ხარისხის ყურძენი მიიღოს. ამიტომ 70 თეთრი არ არის გადამწყვეტი. თვითონ ფერმერებს შეუძლიათ, ივაჭრონ მეღვინეებთან და მეწარმეებთან, ვინც ყურძენს იბარებს. 100-ზე მეტი საწარმოა დარეგისტრირებული, ვისაც ყურძნის ჩაბარების სურვილი აქვს“, – აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.

ყურძნის ჩაბარების პრობლემასთან დაკავშირებით, რომ გურჯაანში ქარხნები არ გახსნილა, მოსახლეობას რთველის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა ლევან მეხუზლამ უპასუხა. მისი განმარტებით, რეგიონის მასშტაბით 200-ზე მეტი ღვინის მწარმოებელი კომპანიაა რეგისტრირებული, 50-ზე მეტი კერძო და სახელმწიფო ღვინის კომპანია ჩართულია ყურძნის გადამუშავების პროცესში. ამ რეალობიდან გამომდინარე, გლეხების პრეტენზიებს გაუგებარი უწოდა.

„დაახლოებით შვიდი ქარხანაა, რომელიც ყურძნის მიღებას ახორციელებს. ამიტომ, ამ თემაზე გაუგებარია მოსახლეობის პრეტენზიები. ჩვენი შტაბი 24-საათიანი რეჟიმით მუშაობს, რათა რთველის მიმდინარეობა მაქსიმალურად მობილიზებული იყოს და პროცესმა ექსცესების გარეშე ჩაიაროს“, – აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

გურჯაანის სამი სოფლის მოსახლეობამ სოფელ ზეგაანის ცენტრში დილით გამართულ საპროტესტო აქციაზე ყურძენზე ფასის გაზრდა და ქარხნების დროული გახსნა მოითხოვა.